პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, ადვოკატი ბერდია სიჭინავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„მივესალმები 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლითაც დადასტურდა, რომ 20 ივნისს შეკრების შეწყვეტის ღონისძიებისას, სახელმწიფოს ჰქონდა სპეციალური საშუალებების გამოყენების ლეგიტიმური უფლება სამართალდამცავებზე თავდასხმისა და სახელმწიფო ორგანოებზე განხორციელებული შტურმის მოსაგერიებლად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებითვე არის დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება.
ცალკეულ შემთხვევებში, რასაც ჩვენვე წლებია ვადასტურებთ, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი მხრიდან ძალის არაპროპორციულობას – კერძოდ კინეტიკური საშუალებების, არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიები) გამოყენების შემთხვევებში, რაც, სასამართლოს განმარტებით, მათ შორის ეფუძნებოდა არასათანადო რეგულაციებს. საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის პროკურატურის მიერ გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებითაც დადასტურებულია, რომ არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიების) გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.
დიდი პალატის ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გიორგი გახარიას გამამართლებელ მტკიცებულებად წარადგენს სასამართლოში. 20 ივნისის საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და ამ დანაშაულის ავტორები და ორგანიზატორები ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას. პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, თითქოს ამ გადაწყვეტილებაში საუბარია გიორგი გახარიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, არის უტიფარი ტყუილი“, – წერს ბერდია სიჭინავა.
ინფორმაციისთვის, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.
































































