ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაკავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი ოზურგეთის პოლიციის შენობიდან ფოთის პოლიციაში გადაიყვანეს.
დათო მჟავანაძის ფოთში გადაყვანაზე ინფორმაციას “გურია ნიუსთან“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე საუბრობს.
“მსგავსი ქმედებით უნდათ, დაგვაშინონ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან “ქართული ოცნების“ წევრები და მათი პოლიციელები, რომლებიც დღევანდელი საკრებულოს სხდომის პროცესზე მრავლად დავინახე. დათოს, არანაირი შეურაცხყოფა ვინმესთვის არ მიუყენებია. როდესაც მან თავისი სიტყვას დაასრულა, შემდეგ თავისი სათქმელი დააფიქსირა გოჩა შარაშენიძემ და ამის შემდეგ მოხდა შელაპარაკება რამდენიმე საკრებულოს წევრთან. შემდეგ გამოიძახეს პოლიცია და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი დათო მჟავანაძე, გოჩა შარაშენიძე და შალვა თავდიშვილი ძალით გაიყვანეს და ეს დაინახა ყველამ.
ზოგიერთ მათგანს გაუხარდა ეს მომენტი და ტაშს უკრავდნენ. ეს ყველაფერი, რაც დღეს მოხდა სამარცხვინო ლაქად დარჩება ოზურგეთში. რაც შეეხება დათოს გადაყვანას ფოთში მოულოდნელი იყო. ველოდებოდით დღეს ჩატარდებოდა სასამართლო პროცესი და გაათავისუფლებდნენ. მოგვიანებით ვიგებთ, რომ ფოთში გადაიყვანეს და არავინ იცის, როდის გამოუშვებენ.“ – გვითხრა ბესო ქათამაძემ.
[sexy_author_bio]