მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ ქალები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, განსაკუთრებით, თანამედროვე, ემანსიპირებული და აქტიური ქალბატონები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა სურთ ცხოვრებისგან.
კაცები იმაზეც საყვედურობენ ქალებს, რომ, თითქოს მათთვის სულერთია, უსმენს თუ არა ვინმე ლაპარაკის დროს. მაქსიმალურ სიამოვნებას ქალი მაშინ იღებს, როცა ზუსტად იმდენს ლაპარაკობს, რამდენიც უნდა და არავინ ეუბნება, დროა, პირი დახუროო.
ეს სრული უსამართლობაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ლაქლაქა ქალები, მაგრამ, მათი რაოდენობა ზუსტად იმდენივეა, რამდენიც ლაქლაქა კაცებისა.
სხვათა შორის, ძმაკაცები გმირულად უძლებენ თავისივე სქესის ლაქლაქებს, მაშინ, როცა ძალიან აღიზიანებთ ქალების საუბარი მათთვის არასასურველ თემებზე. ასეთ დროს ცდილობენ, არ მოუსმინონ და საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტონ. მათდა სამწუხაროდ, სწორედ ასეთ დროს გამოეპარებათ ხოლმე ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი.
მამაკაცები დაცინვით ყვებიან იმაზე, თუ როგორ ხვდება ორი დაქალი ერთმანეთს და როგორ ლაპარაკობენ დაუსრულებლად ერთ ხმაში, ემოციებით. ამ დროს, კი, რატომღაც, არ ახსენდებათ ის მეგობარი მამაკაცები, რომლებიც ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიან და მუშტიკრივამდეც კი მიდიან.
შეიძლება, ქალმა მართლაც დაგღალოთ ემოციური საუბრით, მაგრამ, მხოლოდ მაშინ, როცა ის შთაბეჭდილების ქვეშაა. თუ მამაკაცს ნაკლებად აქვს ემოციების გამოხატვის უნარი, ეს სულაც არ არის ქალის ბრალი და არ ღირს ამის გამო ქალების აუტანელ „ლაქლაქად“ გამოცხადება.
ავტორი