“სამწუხაროდ, ექვსი წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ცდილობს ვირტუალურ სამყაროში აცხოვროს საზოგადოება.
„დღეს პირველი ოქტომბერია. მოგეხსენებათ, პირველ ოქტომბერს ყველაზე რთული გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა გუნდმა ექვსი წლის წინ. შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიხსენოთ და დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ შევაფასოთ.
სამწუხაროდ, ექვსი წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო. თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა თქვენგან მონაწილეები ხართ და თუ არ მონაწილეობდით, კარგად გახსოვთ, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. 2012 წლის შემდგომ როგორ თანმიმდევრულად ვცვლით ჩვენ იმ სიმახინჯეებს და ქვეყანა ვითარდება და მიგვყავს სწორი მიმართულებით, მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას ჩვენდა სასირცხვილოდ, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება.
რაც დააშავეს თვითონ, ცდილობენ გადააბრალონ „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.