მთავრობის ინიციატივა, რომელიც მარიხუანის ექსპორტზე გატანას გულისხმობს, მმართველ პარტიაში კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი ხდება _ ,,ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილი კანონის მიღებას ეწინააღმდეგება.
როგორც ცნობილია, უმრავლესობის დახურულ შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, ამ საკითხთან დაკავშირებით ცხარე კამათი გაიმართა. ბიძინა ივანიშვილმა კანაფის ექსპორტზე გატანას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.
,,არ ვიცი, მხარდაჭერა ექნება თუ არა. აზრთა სხვადასხვაობა არის, უნდა დამთავრდეს მსჯელობა და განხილვა უმრავლესობაში. საინტერესოა, კანონი საბოლოო სახით როგორ შემოვა. ყველა თავისი პრინციპებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას. კანონის განხილვის დროს გამოჩნდება არგუმენტები, რამდენად წონიანი იქნება“, _ გვითხრა გეგიძემ.
მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ორი დღის წინ გასაჯაროვდა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს დაუჭერს მხარს, ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში მარიხუანის წარმოება ნებადართული გახდება.