„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
მან აღნიშნა, რომ პოლიტიკის სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მისი ბიზნესი აზარალა.
,,პოლიტიკის სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩემი ბიზნესი მართლაც აზარალა და ამაში, როგორც თავად საინტერესო ტერმინი ახსენეთ, შესაძლებლობის მაღალი ფასის გადახდა მომიწია, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ორივე ფრონტზე თანაბრად დახარჯვის, ჩემი შესაძლებლობების თანაბრად რეალიზაციის სურვილი მამოძრავებდა…
პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ბიზნესში, მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება იყო მთავარი – გამეკეთებინა ის, რის გაკეთებაც ჩემს გარეშე ვერ მოხერხდებოდა და დავრჩენილიყავი მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნებოდა.
მართალია, ორი წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნება დამჭირდა, როცა გუნდის ერთიანობას და იდეას საფრთხე შეექმნა, მაგრამ დღეს, როცა უკვე პოლიტიკიდან ჩემი წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება, გაცილებით მშვიდად ვარ, რადგან გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს…“_ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
ცნობისთვის, ინტერვიუ 9 იანვარსაა ჩაწერილი, თუმცა რესპონდენტის, ბიძინა ივანიშვილს თხოვნით 11 იანვარს, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც “ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური წერილი გაავრცელა.