„ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის ძირითადი გზავნილია, ვაგინოთ არა მურუსიძეს, არამედ სააკაშვილს. ივანიშვილი ამბობს ეშმაკი ყოფსო, მაგრამ პასუხი გაგვცეს, „ქართული ოცნება“ ვინ გაყო?! კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ ვინ გაუშვა?! ივანიშვილის მიერ ნათქვამი ზოგადი ლოზუნგები არც „ქართულ ოცნებას“ წაადგება და არც სახელმწიფოს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთს წარსული არ უნდა შევახსენოთ არასწორია.
„პირადად ჩემთვის მიუღებელია, არ შევახსენო წარსული იმ ადამიანებს, რომელთაც პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზია აქვთ. თუ პრემიერ მამუკა ბახტაძეს აქვს სურვილი იმისა, რომ იყოს პოლიტიკაში, აუცილებლად უნდა შევახსენოთ, რომ 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა. თუ ლევან მურუსიძეს უნდა კვალავ მოსამართლე იყოს, უნდა შევახსენოთ, რომ გირგვლიანისა და სხვათა მკვლელობის დამკვეთები არ გაასამართლა ისე, როგორც საჭირო იყო. აღნიშნულზე მუდმივად უნდა ვსაუბრობდეთ“,_ აღნიშნა ზაქარეიშვილმა.