„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი გუბაზ სანიკიძე „გურია ნიუსთან“ ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
სანიკიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაპირისპირება საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო მართული, რაც სამარცხვინოა.
„ის, რაც მოხდა ქვეყნისთვის ძალიან მძიმე სანახავი და სამარცხვინოა. მთელ ქვეყანაში ჩამორჩენილობის ზეიმია გამეფებული. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის ეშინია. მეტსაც გეტყვით, საქართველოში ახალი დაავადებაა გავრცელებული, სახელწოდებით მიშაფობია.
დღეს ჩვენი ქვეყანა ამ დაავადებით ცხოვრობს, რაც მარაზმია. მიშას მიმართ „ქართული ოცნების“ შიში მათივე უცოდინრობითა და სიბნელით არის განპირობებული. მიხეილ სააკაშვილი შეხვედრას ჩაატარებდა და ყველაფერი ამით დამთავრდებოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ისეთი შეშინებულია, მოთმინების უნარიც კი არ აღმოაჩნდა, რომ შეხვედრისთვის ხელი არ შეეშალა“,_ აღნიშნა სანიკიძემ.
სანიკიძეს ვკითხეთ, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ოდიოზური მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემის გათავისუფლება რამდენად რეალურია? მისი თქმით, აღნიშნული 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ არის შესაძლებელი.
„დანამდვილებით ვიცი ერთადერთი რამ, ეს მოსამართლეები 2020 წლის არჩევნების შემდეგ სისტემიდან ცოცხით გამოიხვეტებიან. თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, ქვეყანაში რევოლუცია აუცილებლად მოხდება“, _ აღნიშნა სანიკიძემ.