„ჯანდაცვის სისტემა კოლაფსთან ახლოსაა“ _ ასე აფასებს ექიმი ინფექციონისტ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდ პანდემიის გავრცელების აღმავალ ტემპს ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,360 გრადუსი“.
მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა მძიმე ჩვენებებით პაცინტებთან ვერ მიდის სასწრაფო დახმარება და როცა თავად კოვიდ ინფიცირებულები აკითხავენ საავადმყოფოებს, მათთვის ადგილი არ არის.
,,ქვეყნაში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი და ამას ყველაზე მეტად ექიმები ვგრძნობთ, რადგან ათეულობით და ასეულობით ადამიანი ითხოვს ჩემგან დახმარებას და კლინიკაში მოთავსებას. შეიძლება დავუშვათ, რომ ვირუსი ახალია და ამის გამო პაციენტების ნაწილს საკუთარი მდგომარეობის მიმართ გადაჭარბებული ემოციური ფონი აქვს, მაგრამ ობიექტურად ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება და ისინი ვერ იღებენ ამას. სანამ თქვენთან საუბარს დავიწყებდი, იქამდე ვესაუბრე ადამიანს, რომელიც ინფიცირებულია და დადის კლინიკიდან კლინიკაში, 112 მასთან არ მივიდა. ახლაა არის ერთ-ერთ წამყვან ცენტრში ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ბოჭორიშვილის კლინიკაში და სამწუხაროდ ადგილი არ არის მისთვის. ამიტომაც პაციენტს, რომელსაც გულ-მკერდის არეში გამჭოლი ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა აქვს, უწევს ელოდოს, რომ კლინიკიდან მაინც გადაიყვანოს 112-მა, რომელიმე სხვა სტაციონარში.
ასეთი შემთხვევების მატება, ნიშნავს, რომ სისტემა კოლაფსთან ახლოს არის. მე მესმის, რომ აქტიური შემთხვევები დღეს 16 000-ია და აქედან თითქმის 30% საავადმყოფოში წევს, რაც არასწორია. მსოფლიოში არსად არის 30% კოვიდ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზებული. ჩვენთან კი, პაციენტები, იმის შიშით, რომ ვაიდა გაურთულდეთ, ცდილობენ მოთავსდნენ კლინიკაში, ამ დროს კი ვისაც მართლა სჭირდება, იმას საწოლს ვართმევთ“, -ამბობს ექიმი.
მისივე თქმით, „2-3-კვირიანი ლოქდაუნი არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა.”