თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად, _ ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
კულუმბეგოვი საზოგადოებას მოუწოდებს, სადარბაზოებსა და ლიფტებში ნიღაბი ატარონ. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოდუნდება საზოგადოება, ინფექციის ტალღის გაჩენის რისკიც მით უფრო მოიმატებს.
„ისევე როგორც ამერიკის, იტალიის, ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ჰოსპიტალურ სექტორებს, განუზომელი შესაძლებლობები არც ჩვენ გვაქვს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცირება, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად და ნურც დიდი რაოდენობით სტუმარს მივიღებთ. ნიღაბი ვატაროთ სადარბაზოებსა და ლიფტებში, რადგან შესაძლოა, ჩვენამდე 5 წუთით ადრე აქ ინფიცირებული ადამიანი იმყოფებოდა. თუკი, ამ რეკომენდაციებს დავიცავთ, ვირუსი მართვადი პანდემიის სახეს მიიღებს. სადავეები თითოეული ადამიანის ხელშია. თუკი წონასწორობას დავკარგავთ, ეს ყველაფერი ისევ ჩვენს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, ჩაკეტვასა და ყველაფრის გაჩერებაზე აისახება, რამაც შესაძლოა მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს, ვიდრე კორონავირუსმა. არ მივცეთ უფლება მას, რომ გაიმარჯვოს ჩვენზე, ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გავიმარჯვოთ კორონავირუსზე“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.






























































