ბილ გეითსი ამბობს, რომ თუ აშშ-ს საგარეო დახმარება მალე არ აღდგება, მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. გეიტსმა დასძინა, რომ ამის გამო შეიძლება შეიქმნას ეკონომიკური პრობლემა, რადგან დახმარება არის კარიბჭე უცხო ქვეყნებთან დიპლომატიური და ეკონომიკური მოლაპარაკებებისთვის, _ იუწყება მედიაპორტალი Fortune.
მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო ხარჯების შემცირების წინააღმდეგ ელონ მასკის ჯვაროსნული ლაშქრობის საბოლოო შედეგი ჯერ არ ჩანს, Microsoft-ის თანადამფუძნებელმა თქვა, რომ ამის შედეგად მილიონობით ადამიანი შეიძლება დაზარალდეს.
ქველმოქმედი იმედოვნებს, რომ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ზოგიერთი ღონისძიება უკან იქნება გაწვეული.
თებერვლის დასაწყისში გეითსმა თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზად იყო მოესმინა მისი შეხედულება საგარეო დახმარების გაგრძელების შესახებ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა და მასკმა შეაჩერეს USAID-ის მუშაობა, ეს მოლაპარაკება, როგორც ჩანს, დავიწყებას მიეცა.
„USAID-ის გათავისუფლებული ადამიანების 99 პროცენტი საზღვარგარეთ ძალიან რთულ პირობებში მუშაობენ და ეხმარებიან ხალხს შიმშილისა და შიდსის დამარცხებაში“, _ თქვა გეიტსმა.
„ვფიქრობ, ილონმა თქვა: „დიახ, ჩვენ შეცდომა დავუშვით“, მაგრამ… რამდენი თანამშრომელი უნდა შევინარჩუნოთ, რომ მოვახერხოთ ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა?” _ კითხულობს გეიტსი, რომლის ნათქვამიც მასკმა ნაწილობრივ აღიარა და თქვა, რომ DOGE-ში ყოფნისას დაუშვა და კიდევ დაუშვებდა შეცდომებს.
ეს იყო პასუხი გასულ კვირას ჟურნალისტის კითხვაზე, არასწორი მიზეზის გამო დაიბლოკა თუ არა მოზამბიკის პროვინცია ღაზაში პრეზერვატივების საყიდელი 50 მილიონი დოლარის დახმარება.
რეპორტიორმა აღნიშნა, რომ დახმარება, რომლითაც დაახლოებით მილიარდი პრეზერვატივის შეძენა ხდებოდა, სავარაუდოდ, გამიზნული იყო შიდსის პრევენციისთვის მოზამბიკის ღაზას პროვინციაში და არა იმ ღაზაში, რომელსაც ამჟამად ჰამასი აკონტროლებს.
„ასეთი შეცდომები შეიძლება ძვირი დაჯდეს“, _ თქვა გეითსმა, რომელსაც ჰკითხეს, რამდენ სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, თუ ჯანდაცვის მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსება არ აღდგება.
“მილიონობით სიცოცხლეს”, _ უპასუხა გეითსმა.
„ერთ-ერთი პროგრამა 20 მილიონზე მეტ ადამიანს ეხმარება შიდსის საწინააღმდეგო წამლით. ის დაიწყო პრეზიდენტ ბუშმა და გრძელდებოდა მანამ, სანამ ელონმა არ გადაწყვიტა, რომ ეს არ იყო ძალიან კარგი პროგრამა“, _ თქვა გეიტსმა.
Fortune-მ კომენტარისთვის DOGE-ს და თეთრ სახლს მიმართა, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო.

































































