ვლადიმერ გუცაევი მადრიდის ოთხთა ტურნირზე თბილისის „დინამოს“ ასპარეზობას ხშირად იგონებს:
„ძალიან მწყდება გული, რომ ქართველ გულშემატკივარს „დინამოს” თამაში მადრიდის ოთხთა ტურნირზე არ უნახავს, არადა, ჩვენ ორივე მატჩში შესანიშნავად ვიასპარეზეთ. მახსოვს, დელეგაციაში ოპერატორებიც იყვნენ, მაგრამ „რეალთან” და „ბაიერნთან” თამაშის კადრები რატომ არ ჩანს აქამდე, ვერ ვხვდები… მე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, არადა, იქ კარლ-ჰაინც რუმენიგე, პაულ ბრაიტნერი, კარლოს სანტილიანა, ხუანიტო, ხოსე ანტონიო კამაჩო და სხვებიც თამაშოდნენ. თუ არ ვცდები, იმ „რეალის” ნახევარდაცვაში ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკეც ირიცხებოდა.
ტურნირის მეორე დღეს ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელებს ერთ-ერთი ესპანური კლუბის მესვეურები ესტუმრნენ და ჩემი დათმობა სთხოვეს. ნუ, გარიგება რომ არ შედგებოდა, ეს ვიცოდი, მაგრამ პასუხმა გამაოგნა: „საბჭოთა სპორტსმენს ვლადიმერ გუცაევს თქვენი კონტრაქტი არ სჭირდება. მას ყველაფერი აქვს: ბინაც და თვით „ვოლგაც”!” როგორია? ესპანელებს უკითხავთ, გვესმის, რომ ის კარგ პირობებშია, ბინაც გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა” რა მანქანაა ასეთიო… ამ სიტყვებს ომარ სიამაშვილიც დაგიდასტურებთ, მაშინ ის პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო და მადრიდში გვახლდა.
ბევრს ჰგონია, რომ „ის” „ვოლგები” თასების თასის მოგების შემდეგ დაგვირიგეს, მაგრამ ასე არ მომხდარა. უბრალოდ, ედუარდ შევარდნაძის საგანგებო ბრძანებით, დინამოელებს მანქანების ურიგოდ გამოყვანის უფლება მოგვცეს. 16200 მანეთი ღირდა მაშინ საბჭოეთის ნომერ პირველი ავტო.
თასების თასის მოგების შემდეგ სამჯერ ავიღეთ პრემია: გერმანიაში 150-150 მარკა დაგვირიგეს, თბილისში დაბრუნებულები კი სპორტსაზოგადოება „დინამოს” რესპუბლიკურმა სამმართველომ 300, ხოლო საკავშირომ 700 მანეთით გაგვახარა.“


































































