საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ წმინდა სინოდის წევრები პირად საკუთრებაში საკმაოდ დიდ ქონებას ფლობენ.
ჩვენ უკვე გაგაცანით შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების ქონებრივი მდგომარეობა, დღეს კი სინოდის სხვა რამდენიმე წევრის ქონების შესახებ გიამბობთ.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (შოთა მარგალიტაშვილი), თელავში, სოფელ ვარდისუბანში ფლობს ჯამში ფლობს 310 314 კვ.მ. მიწის ფართობს.
ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ფართი 2 271 კვ. მეტრია სამი შენობა-ნაგებობა დგას.
მეუფის საკუთრებაშია ქუთაისში, ჭავჭავაძის #16-ში მდებარე 300 კვ.მ. მიწის ფართობი;
წყალტუბოში, სოფელ მესხეთში _ 600 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; სოფელ ზედა მესხეთში _ 20 001 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
ასევე, წყალტუბოში, სოფელ სორმონში, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის 44 700 კვ.მ, მიწის ნაკვეთი, ხოლო სოფელ ბანოჯაში _ 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე მის საკუთრებაშია 630 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
მიტროპოლიტი კალისტრატე ტყიბულში, სოფელ გელათში ფლობს 676 კვ.მ. მიწის ნაკვეთს;
ქალაქ თბილისში, ნინოშვილის #4-ში, 19 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს 1.5 კვ.მ დამხმარე ფართით.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე მეუფე გრიგოლი (გურამ ბერბიჭაშვილი) ქალაქ თბილისში, ჩიტაძის #11-ში, მეოთხე სადარბაზოში, მეექვსე სართულზე ფლობს 154.23 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ ბინას; ამავე მისამართზე მის საკუთრებაშია 18 კვ.მ ავტოსადგომი.
მეუფე გრიგოლს 74.77 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა აქვს თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში, 34-ე კორპუსში. საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეს ბინები მეუფემ საჩუქრად მიიღო.
მეუფე გრიგოლი ასევე ფლობს 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჩვენ შევეცადეთ დეტალები, როგორც მეუფე კალისტრატესთან, ასევე მეუფე გრიგოლთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, არც ერთმა მათგანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
თუ მეუფეები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მოისურვებენ და საზოგადოებას გააცნობენ, როგორი და საიდან მოხვდა ასეთი ძვირდაღირებული ქონება მათ საკუთრებაში, „გურია ნიუსი“ მზადაა მათი კომენტარები უცვლელად შემოგთავაზოთ.
ამავე თემაზე იხილეთ:მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ქონება