საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიასთვის“, რომლის დაფინანსებაც ფეხბურთის განვითარების ფონდისგან მიღებული 200 ათასი ლარით განისაზღვრება და რაც კლუბს უკვე სრულად აქვს ათვისებული, ბიუჯეტიდან დამატებით თანხის გამოყოფის ინიციატივა გააჟღერა საკრებულოს წევრმა გიორგი ჩახვაძემ.
საქმე ისაა, რომ ლანჩხუთურ კლუბს ფიფას ვერდიქტით ფინანსური სანქციები დაეკისრა და ერთ-ერთი ბრაზილიური კლუბის სასარგებლოდ, 40 500 ევროს, ხოლო უშუალოდ ფიფასთვის ხუთი ათასი შვეიცარული ფრანკის გადახდა დაევალა. „გურიას“ აღნიშნული დავალიანება არაუგვიანეს 2018 წლის 9 ივლისისა უნდა გაესტუმრებინა, თუმცა, მოლაპარაკების შედეგად, ვალის გადავადება მოხდა და ახლა მუნიციპალიტეტის შვილობილმა კლუბმა ფიფას ვერდიქტი ეტაპობრივად შემდგომ ექვს თვეში უნდა აღასრულოს. როგორც ირკვევა, პირველ ეტაპზე 27 ათასი ლარია გასასტუმრებელი და საამისოდ 10 აგვისტომდე აქვს ვადა ლანჩხუთურ კლუბს.
ჩვენი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, განსაკუთრებით კი საკრებულოს თავმჯდომარეს, ცდა არ დაუკლიათ შესაძლო სპონსორი ეპოვათ, თუმცა, როგორც ჩანს, „გურიაში“ ფულის ჩადებას, ამ ეტაპისთვის მაინც არავინ დათანხმდა და ამიტომ პირველი შესატანისთვის ბოლო იმედად ისევ ბიუჯეტი დარჩა.
ლანჩხუთის საკრებულოში ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაწყებულია, თუმცა, ჯერჯერობით, იქ არ არის გათვალისწინებული „გურიასთვის“ დამატებით თანხის გამოყოფა. დეპუტატთა განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს საკრებულოში და დიდი ალბათობით, კლუბისთვის ბიუჯეტიდან დამატებით თანხის გამოსაყოფად 10 აგვისტომდე მოუწევთ რიგგარეშედ შეკრება.
სხვათა შორის, საკრებულოს წევრთა თანხმობით, მორიგი დავალიანების გასასტუმრებლად, „გურიას“ დაფინანსება 30 ათასი ლარით, დაახლოებით, ერთი თვის წინაც გაიზარდა.
30 ათას ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება „გურიამ“ რამდენიმე თვის წინ სამშენებლო კომპანია „ორბისგანაც“, მიიღო, რომელსაც ლანჩხუთელი ზაზა ზოიძე ხელმძღვანლობს, თუმცა, „ორბისგან“ ბოძებული თანხიდან 10 ათასი ლარი დასუფთავების სამსახურმა წაიღო ვალის სახით.
შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე „გურიას“ დავალიანება, ჯამში, 360 ათას ლარს შეადგენს. თუმცა, აუდიტის დასკვნაში გათვალისწინებული არაა ზემონახსენები ფიფას მიერ დაკისრებული ფინანსური სანქციები.