“eristavi estates-ის დამფუძნებელი, ზურაბ ერისთავი ბიზნესში სერიოზულ შეფერხებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ვითარებამ, რაც ახლა საქართველოშია, ქვეყანა ინვესტორებისთვის არასაიმედო გახადა”, _ იუწყება “ტვ პირველი”.
“მივადექით იმ ზღვარს, როდესაც უკვე ვკარგავთ ყველაფერს, რისთვისაც 34 წლის განმავლობაში მიგვიღწევია.
რეალობა გვეცვლება, გვეცვლება ქვეყანა, გვეცვლება მიმართულება, გვეცვლება ის პარტნიორები, რომლისკენაც ამდენი წლების განმავლობაში ურთიერთობებს ვალაგებდით.
ჩვენს ბიზნესში, უძრავ ქონებაში ძალიან სერიოზული შეფერხებებია.
გვყავს ინვესტორები, რომლებთანაც თვეებია ვმუშაობთ და მივიღეთ პასუხი, რომ ახლა ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ზოგმა საერთოდ გააუქმა თავიანთი დაკვეთა, ზოგმა პაუზა აიღო, მაგრამ ვფიქრობ, ეს პაუზა, უფრო ზრდილობის გამო არის და ეს ყველაფერი შეჩერებულია.
ნებისმიერი ინვესტორი, რომელსაც მსოფლიოს რუკა უდევს წინ და ეძებს საინვესტიციოდ პროექტებს, გადაწყვეტილებას იღებს, უფრო სტაბილური, მშვიდი, ეკონომიკურად მზარდი ქვეყნისკენ, რომელსაც აქვს სასმაართლო, რომელსაც აქვს კანონი, სადაც ის დაცულად გრძნობს თავს, შესაბამისდა, ჩვენთან ეს ყველაფერი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება”, _ აცხადებს ზურაბ ერისთავი.