„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქრუაშვილის სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ ,,ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს დავით ჭიჭინაძეს ესაუბრა.
_ ბატონო დავით, დავიწყოთ ,,ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადებებით,
ფარული ჩანაწერების მიერ გამოწვეულ აჟიოტაჟს მმართველი პარტია 2012 წლის შემდეგ პირველად პოლიტიკური განცხადებით შეხვდა. მმართველმა პარტიამ ბიზნესის დატერორების შესახებ გაჟღერებული ბრალდებები უარყო და ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბრალა.
ფაქტია, რომ ახლა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არსებულ დარღვევებზე და არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ.
მაშინ, როცა საზოგდაოება პასუხს ხელისუფლებისგან ელოდება, მმართველი პარტიის მხრიდან აქცენტის გადატანა წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ხდება, ეს რამდენად გამართლებულია?
_ ის, რაც გავლილია, დავიწყებას უნდა მიეცეს. არ შეიძლება წარსულით ცხოვრება, ჩვენ გვინდა მომავალი. ემიგრაცია დაწყებული რომ არის, ვისი ბრალია? ვისი პრობლემაა? სიდუხჭირე და ეკონომიკური ზრდა ვისი პრობლემაა? რადგან ცუდი წარსული გვქონდა, დღეს ყველაფერი უნდა მოვითმინოთ? ეს, ბუნებრივია, არასწორია.
_ გუშინ მოვისმინეთ ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ, რომელშიც ოქუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მოქმედი და მის ზურგს უკან ამოფარებული პირები მასზე და მის კომპანიაზე პირდაპირ რეკეტს ახორციელებენ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, როცა ჩანაწერებს უსმენდით?
_ თურმე პრობლემა ჩანაწერების ავთენტურობაში ყოფილა. ყველამ იცის, რომ ვანო ჩხარტიშვილი სიგარეტთან არის დაკავშირებული. ის, რაც ამდენი ხანი ფარულად მიმდინარეობდა, სააშკარაოზე გამოვიდა.
ყველაზე მთავარი მაჩვენებელი, რომ ქვეყანაში სიკეთე არ ხდება, არის ვანო ჩხარტიშვილის მთავარი ფიგურანტობა ამ ქვეყანაში.
ზოგადად, როდესაც ჩხარტიშვილი არის კარგად, ხალხი არის ცუდად. ჩხარტიშვილის კარგად ყოფნა ნიშნავს ხალხზე საწინააღმდეგო მუშაობას.
ამ ადამიანს ერთი სიკეთე არ გაუკეთებია. მახსოვს ხმამაღალი განცხადებები, რომ სააკაშვილთანაც გარიგებული იყო, პატარკაციშვილთანაც და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მასთან კავშირის დაჭერა სამარცხვინო საქციელია.
_ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს, ოქუაშვილი ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფულს ბიძინა ივანიშვილის დავალებით სძალავდა, როგორც ირკვევა, ამ საქმეში სხვა პირებთან ერთად, ჩართული იყო შსს-ს მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია.
დღეს ,,ქართული ოცნებიდან“ ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილისთვის 4 მილიონი 4 ლარის ტოლფასია და ამ საქმისთვის ხელს არ გაისვრიდა. ივანიშვილის მონაწილეობით ჩანაწერები, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა, თუმცა კორუფციულ გარიგებაში ივანიშვილის ჩართულობაზე რა აზრის ხართ?
_ პარტიის თავმჯდომარის მონაწილეობით აუდიოჩანაწერი არ მოგვისმენია. მე ვუსმენ და ვუჯერებ ჩემს თვალებს. რთულია კომენტარი გააკეთო იმაზე, რაც არ მომისმენია და დამინახავს. რასაც ვისმენ ჩხარტიშვილთან დაკავშირებით, ვამბობ.
მე ამ ადამიანთან ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა თავისი წარსულიდან და საქმიანობიდან გამომდინარე.
პარტიის თავმჯდომარეს რაც შეეხება, თუ იქნება გარკვეული, მასალებზე პასუხის გაცემა ლონდონის სასამართლოში მოუწევთ.
კოლექტიური მურუსიძეების მიერ ჩამოყალიბებულ სასამართლო სისტემა, გაუგებარი ერთეულები და პროკურატურა, რომელიც ამდენი ხანი გადაწყვეტილებას ვერ იღებს, არავის დაიბარებს.
ლონდონის სასამართლოში თუ გადაწყვეტენ ამ ადამიანების დაბარებას, ასე ომახიანად რომ იძახიან, ყველაფერს პასუხს გავცემთო. ვფიქრობ, ამ ჩანაწერების შესაბამისად, პასუხის გაცემა ძალიან გაუჭირდებათ“, _ გვითხრა ჭიჭინაძემ.
გუშინ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქრუაშვილმა საკუთარი ბიზნესის დატერორებასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა, რაც დღეს ,,ქართულმა ოცნებამ“ უარყო და აღნიშნული ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას დაუკავშირა.