საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena ეხმაურება ბენდ The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე დრამერად რუსეთის მოქალაქის აყვანის გამო გამოწვეულ პროტესტს. ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში Black Sea Arena მომხდარის გამო ბოდიშს იხდის.
“გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით.
რუსეთი ოკუპანტია _ წერია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 15 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე, The Killers-ის კონცერტის მიმდინარეობისას, სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, იყო თუ არა დარბაზში ისეთი მსმენელი, რომელმაც დრამზე დაკვრა იცოდა. შერჩეულ მსმენელს მან ეროვნება ჰკითხა, შემდეგ კი დარბაზს მიმართა, იყო თუ არა მისაღები მათთვის რუსი დრამერი. რასაც ქართველი მსმენელის მხრიდან საპროტესტო შეძახილები მოჰყვა, მაგრამ სოლისტმა დრამერი მაინც აიყვანა სცენაზე.
ამასთან დაკავშირებით, მოგვიანებით განცხადებას აკეთებს მუსიკალური ბენდი The Killers.
“კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა! აუდიტორიიდან ადამიანების დრამზე დასაკრავად მოწვევის მრავალწლიანი ტრადიცია გვაქვს და დარბაზში შეკრებილი მსმენელების თავდაპირველი რეაქციიდან ჩანდა, რომ არ იყო უარყოფითად განწყობილი ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანის მიმართ. გვესმის, რომ კომენტარი, რომლის შინაარსიც იყო ის, რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი “ძმები და დები” არიან, შესაძლოა, არასწორად იქნას გაგებული. ჩვენ არ გვსურდა არავის შეურაცხყოფა და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით”, – წერს ჯგუფი The Killers-ი ფეისბუკის გვერდზე.