სამტრედიის ტელეკომპანია ,,ზარის” დირექტორი, ოთარ თევზაძე გარდაიცვალა. ამ ამბავმა ოჯახთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი დაამწუხრა, რადგან ბატონი ოთარ თევზაძე წინა საუკუნის 90-იან წლებში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოს მასშტაბით პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია დააფუძნა და დღემდე ხელმძღვანელობდა.
ოთარ ( ჟიგული) თევზაძის გარდაიცვალებას სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი მოჰყვა, სადაც კოლეგები, მეგობრები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები გულისტკივილით ემშვიდობებიან და მადლობას უხდიან ,,ბნელი, 90-იანი წლების გაფერადებისთვის”.
“ჩვენო მეგობარო ოთარ, რა საშინელი განცდაა, აიღო კალამი და წერა დაიწყო უმწარეს ტკივილზე, რასაც შენი გარდაცვალება ჰქვია. ძნელია შენზე წარსულში საუბარი… წახვედი ამ წუთისოფლიდან და გადასახლდი მარადისობაში, იქ, სადაც შენი შვილი-გია განისვენებს. უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი და კეთილი სული”,_ ნათქვამია “ეგრისის” ტექსტში.
,,ბნელ, 90- იანებს გვიფერადებდა მისი ტვ ,,ზარი”. ვერ გაუძლო საყვარელი ვაჟკაცის გარდაცვალებას. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს,”- წერს ოთარ ჩრდილელი, წარმოშობით სამტრედიელი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი.
“კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე ჩაქრა ჩვენს ქალაქში. გარდაიცვალა ჩვენი თაობის ღირსეული წარმომადგენელი ოთარი („ჟიგული“) თევზაძე. ორი წლიწ წინ გარდაეცვალა მოულოდნელად უფროსი ვაჟიშვილი გია, რამაც შეურყია ჯანმრთელობა და პროგრესირება გამოიწვია ვერაგულ დაავადებას. სამწუხაროდ ყველაფერი ცუდად დასრულდა. ოთარი („ჟიგული“) იყო ბევრი ახალი, საინტერესო, საზოგადოებისთვის და მოსახლეობისთვის სასარგებლო ნოვაციების ავტორი, სულ უყვარდა მისი თაოსნობით საქმის კეთება, რამაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა ჩვენს ქალაქში. მისი უკანასკნელი დიდი ნაშრომად შეიძლება ჩაითვალოს წიაღუბნის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მშენებლობა. როგორც კოლორიტი, ღირსეული მოქალაქე, საგვარეულოს დიდებულ წარმომადგენელი, მამა, ბაბუა, მეუღლე, ერთგული მეგობარი და კიდევ უამრავი ეპიტეტების მოყვანა შეიძლება მის სახელთან დაკავშირებით. ნათელში იყოს შენი სული ჩვენო კეთილო მეგობარო და ძმაო! გვიჭირს და გაგვიჭირდება იმის დაჯერება რომ აღარ ხარ ჩვენს გვერდით. ვუთანაგრძნობთ შენს ოჯახს და განსუკეთრებულად მეუღლეს მანანას ასე ლამაზი და სანიმუშო ოჯახის წარმომადგენლებს ასეთი ნატანჯი დასრულებით”,_ წერს თენგიზ ჩხეიძე.
ოთარ თევზაძეს 30 ივლისს მშობლიურ სამტრედიაში დაკრძალავენ.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
ავტორი