უკვე ბევრი წელია, რაც ლანჩხუთში წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ მიმდებარედ, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე არსებული ზებრა გადასასვლელი მოსახლეობის კრიტიკას იმსახურებს. საქმე ისაა, რომ „ბიბლუსის“ მხრიდან ზებრაზე გადასვლისას ადამიანებს საკმაო სიმღლის მქონე ბორდიურზე უწევთ შეჯახება, რომელიც მერიის წინ მდებარე სკვერს ეკვრის გარს.
თუმცა, ლანჩხუთელთა თქმით, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ახლახანს აღმაშენებლის ქუჩაზე გაკეთდა-აქ ზებრა ისეა დახაზული, დიდია ალბათობა, რომ თავი პირდაპირ სანიაღვრე არხში ამოყო.
აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლითაც ავტობანი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება და საამისოდ ორი მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯა, ახლახანს დასრულდა. ჰოდა, ამ ახალგაკეთებულ გზაზე ქუჩაზე გადასასვლელები ისეა გაკეთებული, რომ ქვეითად მოსიარულეს დიდი ყურადღება მართებს, სანიღვრე არხში არ ჩავარდეს და კისერი არ მოიტეხოს.
„ახლა კიდო რა გვიჭირს, გზა რომ გაიხსნება და მანქანები დაიწყებენ ინტენსიურ მოძრაობას, მაშინ აღმოვჩნდებით ცუდ დღეში. თან ტროტუარი გზიდან საკმაოდ დაბალზეა და მანქანების მოძრაობის ფონზე, ქვეითს კვალზე გადახტომის გარდა, ამის გათვლაც მოუწევს. ვინ დაგეგმა ნეტა, რომ ზებრის ბოლოს კვალი ყოფილიყო?! ყველა გადასასვლელი ასეა, მარტო ერთი რომ იყოს რა გვიჭირს. „ზებრა„ ხომ ასეა დახაზული და ტროტუარად დატოვებული ადგილი მთლად საკაიფოა“-ირონიით დასძენს მოსახლეობა.