ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ,,გურია ნიუსთან“ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, დღეს სასამართლო სისტემაში არაჯანსაღი მდგომარეობაა, რაც არა მხოლოდ იუსტიციის მინისტრის, არამედ ხელისუფლების ბრალიც არის. ამასთან, ექსპერტი საპარლამენტო პარტიებს შორის კოჰაბიტაციაზე საუბრისას აცხადებს, რომ ,,ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კოჰაბიტაციის მახინჯი ფორმა არის დამკვიდრებული.
,,არ მომწონს ის, რაც პროკურატურაში და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში ხდება. სასამართლო სისტემაში რომ ჯანსაღი მდგომარეობა არ არის, ფაქტია და შესაძლოა, წულუკიანმა გარკვეული შეცდომები დაუშვა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არის იმ ტენდენციის შედეგი, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა. ვგულისხმობ კოჰაბიტაციის აბსოლუტურად მახინჯ ფორმას, რაშიც დამნაშავე მხოლოდ წულუკიანი არ არის. დღეს, როდესაც ბოკერია თავის თავს უფლებას აძლევს და ამბობს, კიდევ ერთი პროკურორია გასაგდები პროკურატურიდანო, გულში მეცინება. პროკურატურაში პროკურორების 90 პროცენტი ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მიყვანილი. ამის თქმის საშუალება ხელისუფლებას თავიდანვე არ უნდა მიეცა“,_ განაცხადა არეშიძემ.