ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 53 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 206 907 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175 842-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 055 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 465 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 553 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში – 1 971 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.