ბორჯომის საკრებულოს შენობასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მობილიზება ბორჯომის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართვის საფუძველზე მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ვითარების გართულებისა და პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციელები ბორჯომის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და შენობის გარე პერიმეტრზე განათავსეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარება.
სხდომა 12 საათზე დაიწყება. დღის წესრიგში 3 ძირითადი საკითხია – საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაყენება, საშტატო ნუსხის დამტკიცება და ქართული ოცნების ფრაქციაში შესატანი ცვლილებების განხილვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. ამ საკითხზე საჭირო ხელმოწერები დეპუტატებმა საკრებულოს 21 მარტს წარუდგინეს. 15 ხელმომწერიდან 13 ქართული ოცნების წარმომადგენელია, 2 კი პატრიოტთა ალიანსის. ამავე პარტიის წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.
ბორჯომში დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.
ბორჯომის საკრებულომ გასულ კვირას მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე, შესაბამისად, არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა.