„დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ დანაშაულის ჩადენამდე აღიარებითი ჩვენება, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ ისინი აპირებდნენ უკანონობის ჩადენას, კერძოდ, უკანონოდ ასხვისებდნენ სკვერს ჩოხატაურში, ამიტომ ყველაფერთან ერთად კანონის კითხვაც ისწავლეს ბოლო ორ დღეში, მაგრამ ერთი რამე არის მთავარი – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველგან შევეწინააღმდეგებით, შევებრძოლებით ყველა იმ პროცესს, რომელიც „რუსული ოცნების“ მხრიდან ასეთი უკანონობით იქნება წამოწყებული. ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ხელისუფლებას, ზოგიერთს ასწრებენ, ზოგიერთს ვერ ასწრებენ, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში საკმაო ბრძოლა გაწია ჩვენმა გუნდმა როგორც ადგილზე, ისე ზოგადად პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამის შემდეგ უკვე უკან დახევა მოუწია ხელისუფლებას. ყველა ასეთ ბინძურ ქმედებაზე, რომელსაც ჩაიფიქრებს „რუსული ოცნება“, აუცილებლად უკან დახევა მოუწევს,“- ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი მამუკა მდინარაძის განცხადებას ნოდარ დუმბაძის სკვერთან დაკავშირებით.
ინფორმაციისთვის, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ სკვერის ან სკვერის ტერიტორიის ნაწილის გაყიდვა დაუშვებელია.