ოპოზიცია მმართველი ძალის ლიდერს ახალ ბრალდებებს უყენებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, ოპოზიციის ნაწილმა პარტია ,,ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს დაუკავშირა.
ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმისთვის გამოიტანა, რომ პარტიის თავმჯდომარეს ოფიციალურად დაეწყო ნარკოტიკებით ვაჭრობა. აღნიშნულ ბრალდებებზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა.
,,ივანიშვილმა და მისმა დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა ჩამოიყვანა ორი კვირის წინ კოლორადოს შტატიდან ექსპერტები მარიხუანის თემაზე. ისინი აპირებენ ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას და ასობით მილიონის იმაზე გაკეთებას, რომ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაბოლდეს, მოიხმარდეს მარიხუანას და ასევე, გავიდეს უცხოეთში. ჯერ ბერა გამოვიდა სიმღერით ლეგალიზაციაზე და შემდეგ უკვე ივანიშვილი შემოვიდა თავისი ინტერესებით,“ _ განაცხადა სააკაშვილმა.
პოლიტიკის ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ოპოზიციისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. მისი თქმით, მოაზროვნე ადამიანი ასეთ ბრალდებებს არ დაიჯერებს, რადგან ასეთი განცხადებები ალოგიკურია.
,,ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება, იმიტომ კი არა, რომ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, იმიტომ, რომ ლოგიკა სხვა რამეს გვკარნახობს. ასე ვთქვათ, რაში უფრო დიდი ფულია? სერიოზულ ნარკოტიკებში თუ მარიხუანაში? რასაკვირველია, სერიოზულ ნარკოტიკებში. თუ მონოპოლიზებაზე მიდგა საქმე, სერიოზული ნარკოტიკების მონოპოლიზება არ სჯობს? ეს არის პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ პოლიტიკას ასე სჭირდება. სერიოზული და მოაზროვნე ადამიანი ამას არ დაიჯერებს“, _ გვითხრა არეშიძემ.
,,გურია ნიუსმა“ ექსპერტს ჰკითხა, როგორ აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და რას ფიქრობს სასულიერო პირების მოთხოვნაზე, რომელიც საკონსტიტუციოს სასამართლოს გაუქმებას გულისხმობს?
_ არეშიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს, თუმცა, სასამართლოს გაუქმება დაუშვებლად მიაჩნია.
,,საკონსტიტუიო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სრული უტვინობა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ საზოგადოება სპეციალურად აღაშფოთეს და გააგიჟეს. შეიძლება, სხვა გადაწყვეტილებაც მიღებულიყო, კანონი ამის საშუალებას იძლეოდა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას, ეს დაუშვებელია, რადგან ის უმნიშვნელოვანესი ორგანოა ქვეყნის კონსტიტუციურ იერარქიაში“, _ გვითხრა არეშიძემ.
ოპოზიციის ბრალდებებისთვის, ჯერჯერობით, პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს პასუხი არ გაუცია.