სიმონ გოგიბერიძე, მაგარი გურული კაცი, 1924 წლის აჯანყებას მიუძღვნა პარიზში გამოცემული წიგნი ,,ბრძოლა სამშობლოსათვის”, სადაც ის წერს:
,,გურიაში შეთქმულთა აჯანყება კი არ მომხდარა. ეს იყო მთელი რევოლუცია და ქ. ოზურგეთის გამოკლებით მთელი გურიის მიწა-წყალზედ საქართველოს რესპუბლიკის დროშა თავისუფლად ფრიალებდა…
ქართველი ერის ისტორია ეს მუდმივი, შეუწყვეტელი ბრძოლაა არსებობისათვის, თავისუფლებისათვის. ჩვენს წარსულში ხშირად გვქონია შავი დღეები, როცა ქართველი ერი მოსპობაზედ იყო მისული და ამ დროს ერთი ნაწილი ქართველებისა, მტერთან შეგუების გზას ადგებოდა, ხან სპარსელობდა, ხან კი თურქობდა, ხან მონგოლი იყო, ხან რუსი და ყოველივე ამას უდიდეს გონიერ ხერხად სთვლიდა. თავი ერის მსხნელად მოჰქონდათ. ქართველი ერი რომ ამ პოლიტიკას გაჰყოლოდა, დღეს ჩვენ ყველაფერი ვიქნებოდით გარდა ქართველებისა. საბედნიეროდ იყო კიდევ სხვა ქართველობა ,,გიჟი”, ,,უანგარიშო”, ,,წინდაუხედავი” მუდამ შეთქმული, მუდამ აჯანყებული, მოუსვენარი, მტრის რიცხვისაგან თითქმის მუდამ ძლეული, მაგრამ მაინც გაუტეხელი… აი, ამ ხალხს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენ კი არ მოვისპეთ, არამედ ჩვენი მტრების მოსპობას და დაგლახებას მოვესწარით”.