ოზურგეთელი ახალგაზრდა სპორტსმენი, ნასაკირალის მკვიდრი მირო ვანაძე, უკვე მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ბრძოლა წესების გარეშე – WGFC ორგანიზაციაში ის ახლა მსოფლიოს ჩემპიონია! ეს შეჯიბრი ახლა უკრაინაში გაიმართა, მსოფლიო ორგანიზაციის , WORLD GLOBAL FIGHTING CHAMPIONSHIP ეგიდით.
„გურია ნიუსი“ გასულ წელსაც წერდა, რომ ოზურგეთელი წარმატებული სპორტსმენი, მირო ვანაძე, წინა წლებში სპორტულ კარიერას უკრაინაში აგრძელებდა. როცა ქვეყანაში აგრესორი შეიჭრა, ის ბრძოლაში ჩაება და ომის ქარცეცხლში არც საქველმოქმედო საქმე დავიწყებია. მალე კი მშობლიურ ოზურგეთში დაბრუნდა.
„ბრძოლა წესების გარეშე“- ამ სახეობაში, მირო ვანაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურში უნდა გასულიყო, რაშიც მაშინ ომმა დააბრკოლა.
ახლა, როცა მისი გამარჯვების ამბავი გახდა ცნობილი, „გურია ნიუსი“ მირო ვანაძეს დაუკავშირდა.
_ახლა კიევში ვარ. ვემზადები ამერიკაში გასამგზავრებლად, სადაც შეკრება ხდება და მომდევნო ბრძოლებისთვის უნდა მოვემზადო, _ გვითხრა მან.
„საქართველოში ოქროს ხანა დადგა. ჩვენი სპორტსმენები ყველგან იმარჯვებენ. გილოცავ, ჩემო პატარა საქართველო , ამ უდიდეს წარმატებებს.“
„გილოცავ ჩემპიონო! კიდევ მრავალ გამარჯვებას გისურვებ! ქართველი გოგო-ბიჭები სპორტის ყველა სახეობაში, წელს, განსაკუთრებით წარმატებულები არიან, ვეღარც კი ვითვლი, რამდენი ჩეპიონი გვყავს. ახლა ფეხბურთელების ჯერია, ევროპა მოიგონ, ძალიან მოუხდება ჩვენ ქვეყანას…“ _ წერენ სოციალურ ქსელში გახარებული გულშემატკივრები და ულოცავენ წარმატებას მირო ვანაძეს.
„გურია ნიუსი“ ულოცავს მირო ვანაძეს ამ დიდ გამარჯვებას, გულშემატკივრობს მას და კვლავ ულევ წარმატებებს უსურვებს.
ავტორი