ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის მკვიდრთ, შოთა ოსიძეს და ტატიანა გუბელიძეს დაბადებიდან 80, ხოლო ქორწინებიდან 60 წელი შეუსრულდათ.
თანასოფლელებს, რომლებიც თანაკლასელებიც იყვნენ, ერთმანეთი შორეული ბავშვობიდან უყვარდათ. 20 წლის ასაკში დაქორწიდნენ და მას შემდგ, როგორც ბატონი შოთა ამბობს, 60 წელი თავაუღებელ შრომაში, სიყვარულში, ერთად და ერთმანეთისთვის გალიეს. ქვეყანას ოთხი შვილი გაუზარდეს. ახლა ცხრა შვილიშვილისა და ერთი შვილთაშვილის პატრონთ, სიცოცხლე უსაზღვროდ უხარიათ.
ქორწინების წლისთავების აღსანიშნავ უამრავ დასახელებებს შორის, (რა აღარ ჰქვია: ხის, თუჯის, სპილენძის..), ოსიძეებს განსაკუთრებით ეამაყებათ, ბრილიანტის ნადავლი რომ იგდეს ხელთ და ხუმრობაც კარგად გამოსდით:
_ამ უკორონო გურიაში „ბრილიანტიც“ კი მოვიგდეთ ხელში. მოკრძალებულადაც აღვნიშნეთ, შვილებმა წესები უნდა დავიცვათო, პანდემიააო. გურიაში რა უნდა პანდემიას? აქ მარტო სიცოცხლე სახლობს და ჩვენებურ ბრილიანტებს ვაგროვებთ. ჩვენ ყველას გლოცავთ! ასეთი ბრილიანტის მოპოვებაა მთავარი და გისურვებთ, შეგძლებოდეთ, – გვეუბნება ბატონი შოთა ოსიძე.
„გურია ნიუსი“ უდიდესი პატივისცემით ულოცავს შოთა ოსიძეს და ტატიანა გუბელიძეს სიყვარულსა და ბედნიერებაში გავლილი ქორწინების 60 წლის იუბილეს. კვლავ ერთად და ერთმანეთისთვის, შვილებისა და ქვეყნის იმედად და საამაყოდ გეცოცხლოთ!