დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი აცხადებს, თავდასხმის სამიზნეებს ფირმები რუსეთსა და უკრაინაში, აშშ-ს დემოკრატიული პარტია და პატარა სატელევიზიო ქსელი ბრიტანეთში წარმოადგენდა.
თავდასხმა ასევე მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს კომპიუტერებზეც გახორციელდა.
ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს კომპიუტერებზე ფიშინგი გახორციელდა, მოგვიანებით კი სპორტსმენების მონაცემები გამოქვეყნდა, 2016 წელს თავდასხმა მოხდა დემოკრატიულ ნაციონალურ კომიტეტზე, როდესაც ონლაინ გამოქვეყნდა მიმოწერები, 2017 წელს კიბერთავდასხმა მოხდა კიევის მეტროსა და ოდესას აეროპორტზე, რუსეთის ცენტრალურ ბანკზე და 2 რუსულ კერძო მედია საშუალებაზე, Fontanka.ru-სა და Interfax-ზე. რაც შეეხება ბრიტანულ სატელევიზიო არხს, მას თავს 2015 წელს დაესხნენ და ინფორმაცია იმეილებიდან მოიპარეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიდი ბრიტანეთი კიბერთავდასხმაში კონკრეტულად რუსეთის სადაზვერვო სამსახურს ადანაშაულებს.
როგორც ბრიტანეთის პოლიცია მიიჩნევს, პირები, რომლებიც სალისბურში მოწამვლას ახორციელებდნენ აღნიშნულ დაჯგუფებასთან აქვთ კავშირი.