დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ (MHRA) განაცხადა, რომ პრეპარატის გამოყენება, რომლის ეფექტიანობაც 95%-მდეა, უსაფრთხოა. ქვეყანამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა უკვე შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისია.
ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანაში უახლოეს დღეებში ჩავა.
კვლევების მიხედვით, ვაქცინა BNT162b2-ის ეფექტურობა 95%-ს, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 94%-ზე მეტს აღწევს. სერიოზული გვერდითი მოვლენები კვლევის მონაწილეებთან არ დაფიქსირებულა. ვაქცინაზე მუშაობის დაწყებიდან მის დამტკიცებამდე მხოლოდ 10 თვე გავიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.