ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში ბრუცელოზია გავრცელებული, დაავადება პირუტყვიდან 12 ადამიანს გადაედო. მათი ნაწილი ამ დრომდე კლინიკაშია, ნაწილი კი სახლში აგრძელებს მკურნალობს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
სოფელი შეშინებულია, მოსახლეობამ დახმარების თხოვნით, ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართა. როგორც მისი ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი ამბობს, გამოკვლევა 80–ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ბრუცელოზი 12–ს დაუდასტუდა.
„მოსახლეობა შეშინებული და შეშფოთებულია, ჩივილები ჰქონდათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ვთხოვეთ დახმარება, გამოგზავნეს ჯგუფი აიღეს ანალიზები“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ მზია პაპაშვილი.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საყიდაბელში ორჯერ იმყოფებოდნენ 3 და 8 მაისს.
სოფელში საქონელი ფაქტობრივად აღარ ყავთ.
ცნობისთვის, რეგიონში ბრუცელოზის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ამბარცუმ ბაბოიანმა მოგვაწოდა. დეპუტატის 11 წლის შვილის დაავადება რამდენიმე კვირის წინ გამოუვლინდა.
როგორც ცნობილია, ბავშვმა ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველი ჭამა.
ბაბოიანი ამბობს, რომ ინფორმაცია რეგიონში რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავრცელდეს, რათა მოსახლეობამ სიფრთხილე გამოიჩინოს.
როგორც ირკვევა ასპინძის მუნიციპალიტეტში საქონლის დაავადება მაისის დასაწყისში გამოვლინდა, აღნიშნულის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არცერთ უწყებას არ გაუვრცელებია.