ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლე დავით მგელიაშვილი განაჩენს დღეს გამოაცხადებს.
ხუთი ბრალდებულიდან ბრალს მხოლოდ ერთი, ზაზა ბაქრაძე აღიარებს. ის ამბობს, რომ წლების წინ სამართალდამცველებმა მტკიცებულებები გააყალბეს.
გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი კი თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ყველა მათგანს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება.
ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ დონაძე სახელდება.