ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემული დროისთვის აქტივობამ 19.6 % შეადგინა, რაც რაოდენობრივად 688 551 ამომრჩეველია.
ამომრჩეველთა 12:00 საათიანი აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის მონაცემს, მაშინ აქტივობამ შეადგინა 15.95 %, რაც რაოდენობრივად 558 755 ამომრჩეველი იყო.
„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ისინი ხმის მიცემას შეძლებენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. ასევე, ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ის ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51; ასევე მუშაობს ონლაინ ჩათიც.
არჩევნებში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აკრძალულია კომისიის მუშაობაში ჩარევა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა. რაც შეეხება ფოტოვიდეო გადაღებას საარჩევნო უბნებზე, დაშვებულია იმ პირობებით და წესებით, რაც განსაზღვრულია ცესკოს დადგენილებით და აღნიშნული წესები გამოკრულია ყველა საარჩევნო უბანზე. ცალსახად აკრძალულია ფოტოვიდეო გადაღება საარჩევნო კაბინაში.
ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება რამდენიმე პროცედურული ხარვეზი. მათი ნაწილი ადგილზევე აღმოფხვრა, ხოლო დანარჩენ ხარვეზებზე – რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ და მედიას აღნიშნული პროცედურული ხარვეზის რამდენიმე მაგალითის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება გახლავთ მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მეორეჯერ მიცემის მცდელობა, რაც დაფიქსირდა რუსთავის ოლქში, 2 შემთხვევაში. კანონდმებლობის თანახმად, ამომრჩეველს აქვს უფლება ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ. საარჩევნო უბანზე ყველა ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს არ დაარღვიონ კანონმდებლობა და ნუ შეეცდებიან მეორეჯერ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
ისნის #52-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც დამკვირვებელმა გადაამეტა მის უფლებამოსილებას, დამკვირვებელს მიეცა გაფრთხილება. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებელი არ დაემორჩილა კომისიის თავმჯდომარის მითითებას, მას სთხოვეს დაეტოვებინა საარჩევნო უბანი.
ტყიბულში, სოფელ საწირეში #13-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა ხმა მისცა ვადაგასული პირადობის მოწმობით. დაწერილია საჩივარი და საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. (R)