გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზაზე, რომლის რეაბილიტაციას 2015 წელს გახორციელდა და საამისოდ 354,3 ათასი ლარი დაიხარჯა, დამატებითი სარემონტო სამუშაოებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი, დაახლოებით ერთი თვის წინ გამოიყო.
მმართველი გუნდი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ ზემონახსენები 20 ათასი ლარის გამოყოფით ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა დაიზოგებოდა.
„კლუბის სასტუმროში ცხოვრება გაცილებით მეტი ჯდება და აქ ამაზეა საუბარი. როცა 20 ათასი ლარითაა შესაძლებელი საქმე გააკეთო, 100 ათასები რატომ უნდა გადავყაროთ?!“, _ ასეთი განმარტება გააკეთა მაშინ ოპონენტების პასუხად საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მახათაძემ. არადა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ობიექტის საგარანტიო ვადა სამუშაოების მიღებიდან ხუთი წელია და ამ ხნის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები.
იქედან გამომდინარე, რომ ბაზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს გახორციელდა, შესაბამისად, საგარანტიო ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ ორი წელია დარჩენილი და საჭირო დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად, ბიუჯეტს სულაც არ უნდა გაეღო თანხა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია მითითებული, გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელების მიზნით, 2015 წლის ზაფხულში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება შპს „გილმარი ორთან“ გააფორმა, თანხით 358,9 ათასი ლარი, თუმცა, სამუშაოების ფაქტობრივმა ღირებულებამ 354,3 ათასი ლარი შეადგინა.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ზედამხედველი ვალდებული იყო, შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შემოწება მშენებლობის ყველა ეტაპზე განეხორციელებინა.
„მიმწოდებელს ევალებოდა შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია სამუშაოთა მოცულობები, ხოლო ხარისხი შესწავლილი არ არის. შესაბამისად, ზედამხედველსა და ექსპერტიზას არ შეუმოწმებია შესრულებული სამუშაოების ხარისხი“, _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. აქვე ნათქვამია, რომ აუდიტის ჯგუფმა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა გრიგოლეთის ბაზა და და შპს „გილმარი ორის“ მიერ შესრულებული სამუშაოების უხარისხობაც გამოავლინა.
„პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები საბოლოო მიღება-ჩაბარებიდან ოთხ თვეში დაზიანდა. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მუნიციპალიტეტმა ორჯერ მიმართა მიმწოდებელს, რომელმაც სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორა. მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელს სრულად არ განუხორციელებია არსებული დაზიანებების აღმოფხვრა, მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებიათ, შენობის ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების გამოსწორების მიზნით. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილია 354.3 ათასი ლარი ისეთ სამუშაოებში, რომელიც დაზიანებულია და საჭიროებს დამატებითი სამუშაოების შესრულებას“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნის იმ ნაწილში სადაც გრიგოლეთის ბაზაზეა საუბარი.