ჩაის კომპანიის მფლობელი და შპს „საქართველოს თაიგულის” დამფუძნებელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მკვიდრი, ილია ბასილაშვილი მიიჩნევს, რომ მას ეკონომიკის სამინისტრო ხელს უშლის სამეწარმეო საქმიანობაში.
_ ჩემსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის, ასე ვთქვათ, არის ისტორიული ბრძოლა. ჩაი, ეს სოციალური პროგრამაა, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობას გასაჭირიდან ამოიყვანს, ჩაი საქართველოს გადაარჩენს, თუმცა, „საბოტაჟნიკები“ ეწინააღმდეგებიან და ამას მე ყველგან არგუმენტირებულად დავამტკიცებ, _ თქვა მან „გურია ნიუსთან”.
კითხვაზე _ მაინც რა არგუმენტები გააჩნია საამისოდ, როცა ახლახან ევროკავშირის ელჩი სოფელ ნაგომარს სწორედ ჩაის აღორძინების საქმეში დასახმარებლად ეწვია. ასევე, სახელმწიფოსაც ხომ აქვს ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა? _ ილია ბასილაშივილი ამბობს, რომ „იმაზე მეტი არგუმენტი რა უნდა იყოს, როცა ადამიანს სურს ჩაის გაშენება და აძალებენ მოცვს. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეკონომიკის სამინისტროს ნება არ გააჩნია, სერიოზულად მოჰკიდოს ხელი ჩაის აღორძინების საქმეს. კარგია რეაბილიტაციის პროგრამა, მაგრამ იცით? მაგ პროგრამით, სახელმწიფო კი 2,5 ათას ლარს იმეტებს ერთ ჰექტარის ასაღორძინებლად. სინამდვილეში კი 7-8 ათასი ლარი სჭირდება ერთი ჰა ჩაის რეაბილიტაციას”.
ვრცლად ილია ბასილაშვილთან ინტერვიუს, ჩაის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ასევე იმაზე, რატომ უშლიან მას ხელს სამეწარმეო სამიანობაში, “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.