ერთ თვეზე მეტია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფლებში და დაბაში გარე განათებები გამორთულია. ადგილობრივების თქმით, გამგეობას ამ პრობლემის შესახებ არა ერთხელ აცნობეს, თუმცა, უშედეგოდ:
_ ღამით ქუჩაში ვერ გახვალ. უკუნია. თვეზე მეტია, ასეა. 10 გარეგანათების ბოძიდან ზოგან ერთი მუშაობს, ზოგან არც ერთი, _ აღნიშნავენ ჩოხატაურელები.
კომუნალური სამსახურის „სხივის“ ხელმძღვანელის მერაბ დოლიძის თქმით, ამის მიზეზი ნათურების არარსებობა იყო:
_ ნათურები გვქონდა გადამწვარი. პირდაპირი შესყიდვით ვერ ვიყიდეთ, ტენდერს დააგვიანდა და ამან გამოიწვია გარე განათების გათიშვა, _ აღნიშნა მერაბ დოლიძემ, რომლის განმარტებით, ახლა ამწეა გაუფუჭდათ, რის გამოც, ნათურების შეცვლა ვერ ხერხდება:
_ მე რომ მოვედი, დამხვდა ეს მანქანა. ჩემი ბრალი არ არის, რომ ასეთი „ჯართია“ და სულ ფუჭდება. იმ კვირაში ბათუმში მივდივართ ნაწილისთვის და ეგებ, მოვახერხოთ გაკეთება, _ გვითხრა დოლიძემ, რომელსაც კითხვაზე, თუ რატომ არ გაითვალისწინეს წლის დასაწყისში ნათურების შეცვლის საკითხი, კონკრეტული პასუხი არ აქვს:
_ კანონებია ასეთი და ეს ჩემი ბრალი არ არის. პირდაპირ არ იყიდოო, მეუბნებიან.
_ ბატონო მერაბ, ხომ იცოდით, რომ გამოსაცვლელი იყო და წლის დასაწყისში, ბიუჯეტის დაგეგმვისას რატომ არ გაითვალისწინეთ ეს?
_ ტენდერს აგვიანდება. როცა საშუალება მოგვეცა, მაშინ გამოვაცხადეთ.
_ თვეზე მეტია, თითქმის მთელი ჩოხატაური ჩაბნელებულია…
_ სურებში, შუა სურებში ეს პრობლემა უკვე მოვაგვარეთ. ახლა დაბა და ფარცხმაა დარჩენილი, რომლისთვის საჭირო ნათურები უკვე შეძენილია, თუმცა, როგორც გითხარით, მანქანა გვყავს გაფუჭებული.
_ თქვენ რომ ტენდერის გამოცხადება დააგვიანეთ, მანქანა რომ გაფუჭებული გყავთ ეს მოსახლეობისთვის გამოსავალია?
_ მე სხვა გზა არ მაქვს. ისე, ბევრი არც არის გამოსაცვლელი _ 40-იდან შეიძლება გაფუჭებული იყოს 15.
_ მაგალითად ფარცხმაში, 10 ნათურიდან 8 გადამწვარია… იგივე ხდება დაბის სხვადასხვა ქუჩებზე, სადაც თქვენც ყოველდღიურად გიწევთ გავლა. შეიძლება თქვენთვის, რადგანაც მანქანით მოძრაობთ, ეს პრობლემა არ იყოს, მაგრამ ფეხით მოსიარულე მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა და ამის მოგვარებას დიდი ხანია გთხოვენ..
_ ხო, გასაგებია. ვეცდებით რომ დროულად მოვაგვაროთ, _ აღნიშნა დოლიძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კომუნალური სამსახურის კომპეტენციაში შედის და რომელიც ამ დრომდე მოუგვარებელია დაბის ცენტრში, ე. წ. „წრიულთან“ მდგარი განათების ბოძის ირგვლივ შიშველი სადენებია _ ყოველგვარი დამცავის გარეშე.
დოლიძე გვიმტკიცებს, რომ სადენები დაცულია, თუმცა, ჩვენს ობიექტივმა საწინააღმდეგო დააფიქსირა.
კომუნალური სამსახურის უფროსი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ სადენებში დენი არ არის:
_ ზუსტად ვიცი, რომ მასში დენი არ გადის, _ ამბობს მერაბ დოლიძე.
_ ამ სადენებზე 3 წლის წინ განათება იყო დამაგრებული. თან სადენები მიწის ქვეშ გადის და თუ სამი წლის წინ დენი იყო, ახლა ვინ გათიშა?
_ ახლა არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ორი წლის წინ გვინდოდა განათების აღდგენა და დენი არ იყო. ზუსტად შემიძლია ეს გითხრათ. თუმცა, თუკი ეს საკითხი გაწუხებთ, თქვენი ხათრით კაბელებს ჩავჭრით.
_ ეს ჩვენი ხათრით არ უნდა გააკეთოთ. ეს თქვენი მოვალეობაა ბატონო მერაბ, ამაში იღებთ ხელფასს…
_ დამერწმუნეთ, იქ დენი არ გადის.
_ რის საფუძველზე გვეუბნებით ამას?
_ ხომ გითხარით, ორი წლის წინ მინდოდა განათების გაკეთება და არ მოხერხდა.
_ მას შემდეგ შეამოწმეთ? იქნებ, მაშინ იყო რაიმე დაზიანება?
_ არ შემიმოწმებია, მაგრამ ვიცი რომ არ არის. თან ის დაცულია. ხუფები ადევს, _ აღნიშნა დოლიძემ.
ელექტრიკოსების თქმით, შიშველი სადენი ყოველთვის საშიშია. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მიწის ქვეშ, საიდანაც სადენი გამოდის ჩაჭრა არ მოხდა, მაღალი ნესტის პირობებში არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ძაბვა მიიღო.
_აუცილებელია გაითხაროს მიწა და სადენი ჩაიჭრას. ასევე, აუცილებელია სადენები იყო იზოლირებული და დაუშვებელია მისი ღიად დატოვება, _ გვითხრეს სპეციალისტებმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ნათურების შეცვლის პროცესი მალე დასრულდება:
„მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ფლობს ინფორმაციას და აკონტროლებს ააიპ-ების მუშაობას, მათ შორის თქვენგან დასმულ საკითხებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი არათვითკმარი მუნიციპალიტეტი, თვეში 15 000 ლარს ხარჯავს გარეგანათების უზრუნველსაყოფად. წელს უკვე 830 ნათურაა შეცვლილი. 320 ნათურის შეცვლა მიმდინარეობს და ეს პროცესი დასრულდება უახლოეს დღეებში. თუ წლის ბოლომდე აუცილებლობა იქნება, ნათურებს დავამატებთ,“ _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.