17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება; საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, – შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება.