ბატონი ჯემალ ღაღანიძე ერთ სახალისო შემთხვევას არაერთხელ იგონებდა:
„მსახიობი იპოლიტე ხვიჩია წუწუნებდა ხოლმე: ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ, თავს ვარიდებ იქ მისვლას, რომ პროცესი არ ჩავშალოო.
ერთხელაც, „ფეოლას“ გადაღებების დროს, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მოვიდა და იპოლიტეს სთხოვა: ბაბუა მომიკვდა და ძალიან გთხოვთ, დამდეთ პატივი, მობრძანდით პანაშვიდზე და დამაფასეთო. მოკლედ, დაპატიჟა ბაბუის პანაშვიდზე.
გამოგვიგზავნა მთელს გადამღებ ჯგუფს პატარა „პაზიკი“ ავტობუსი, ჩავსხედით და მივედით. იპოლიტემ უთხრა მძღოლს: თუ ძმა ხარ, მთლად კარებამდე ნუ მიგვიყვან, ცოტა შორს გააჩერე ავტობუსი, რომ „ვენოკით“ ხელში ფეხით გავიაროთ და როგორც საჭიროა, ისე მივაგოთ ცხონებულს პატივიო.
მოკლედ, დაგვალაგა იპოლიტემ სიმაღლისდა მიხედვით. მერე ისე შემოგვაბრუნა, რომ დაბლები წინ წასულიყვნენ და რასაკვირველია, წინ თავად მოექცა.
შევედით ეზოში და ატყდა ფხუკუნი. ხალხი ხელს იშვერს იპოლიტესკენ და იგუდებიან სიცილით. არ შევიმჩნიეთ, დავიყენეთ სამგლოვიარო სახეები და ავუყევით კიბეს. შედგა თუ არა ოთახში იპოლიტემ ფეხი და იყვირა ჭირისუფალმა: დედა, ეს ვინ მოვიდა, იპოლიტე შენ შემოგევლე. სევასტი ადექი, ასე უნდა სტუმრის დახვედრა, შე უნამუსო? ის მაინც არ გახსოვს „ბურთი და მოედანი“ ტრუსიკში რომ დარბის?
ატყდა ხორხოცი. ერთი კი გავიფიქრე, ნეტა, ხომ არ გვაშაყირებენ და სცენა ხომ არ დადგეს-მეთქი, მაგრამ მიცვალებული ისე იწვა, არ განძრეულა.
მერე ვშაყირობდით: ეს რა ჩაიდინე, იპოლიტე, ის მიცვალებული პატიოსნად იწვა და შენ რომ შეხვედი და გავხედეთ, არ იცინოდა? როგორ ჩაშალე პანაშვიდიო. ამის შემდეგ, იპოლიტეს ფეხი პანაშვიდზე არ ყოფილა“.
ავტორი