ერთხელ მსახიობმა ნოდარ ხუციშვილმა სპექტაკლი ჩაშალა. ამ „ისტორიას“ ბატონი ნოდარი შემდეგნაირად იხსენებდა.
“ერთ-ერთ სპექტაკლში პირველ მოქმედებაში ვითამაშე, შემდეგ საგრიმიოროში შევედი და ზარს ველოდებოდი, რომ კვლავ სცენაზე დავბრუნებულიყავი.
ამ დროს მეგობრებმა მომაკითხეს, გარეთ გამიყვანეს. მანქანა სავსე ჰქონდათ კონიაკის ბოთლებით. დაგვილიეო, მთხოვეს. ვიუარე. ვინც არ დალიოსო, დაიკურთხეს. რაღას ვიზამდი. მოვკიდე ხელი ერთ ბოთლ კონიაკს და ბოლომდე გამოვცალე.
დაირეკა ზარი. გავედი სცენაზე. მომჩერებია ბატონი თენგიზ ჩანტლაძე და მელოდება, ჩემს ტექსტს როდის შევუდგები.
დავიწყე, “პატივცემულო მოსამართლენო”, ენაც დამება და ტექსტიც დამავიწყდა. მარტო ამ ორ სიტყვას ვიმეორებდი, სანამ პარტნიორმა არ მიკარნახა სათქმელი. ხედავს თენგიზ ჩანტლაძე, ხელიდან ვეცლები და ნაკარნახევსაც ვერ ვიმეორებ, ამიტომ ჭკუაზე მომიყვანა და სამი თვით დამლაგებლის შტატში გადამიყვანა”.