ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და გვთხოვენ რჩევებს, როგორ დაიწყონ თხილის პლანტაციების პირველი საგაზაფხულო წამლობა.
ისინი გვეკითხებიან, რომ ინტერნეტსივრცეში ბევრნაირი რჩევა ქვეყნდება. თუმცა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და არ იციან, რომელს ენდონ.
“კარმიდამო ჩემი”, გამოცდილ, სწავლულ აგრონომებთან და ფერმერებთან აქტიური კომუნიკაციის მეშვეობით, ახდენს ყველაზე ეფექტური და შედეგიანი რჩევების ჩაწერას და თქვენთვის მოწოდებას.
აგრონომი, გამოცდილი ფერმერი აკაკი ღლონტი გვთავაზობს კონკრეტულ რჩევას, რომელიც მარტის პირველ ნახევარში უნდა გახორციელდეს.
“მარტის დასაწყისიდან, როცა მცენარეს მხოლოდ კვირტი თუ ემჩნევა, ყველაზე სასურველი და შედეგიანია, ეგრეთ წოდებული “ცისფერი წამლობა”. რას ნიშნავს ეს?
ვიდრე მცენარე გაიფოთლება, უნდა მოვახდინოთ სამპროცენტიანი შაბიამნით შეწამვლა. ეს არის ყველაზე საუკეთესო საშუალება სოკოვანების და ბაქტერიების წინააღმდეგ. დასავლეთის ზონაში განსაკუთრებით, სითბოს უეცარი დადგომის მომენტში, მცენარე უცებ იფოთლება. ამიტომ, იჩქარეთ. მზიან (ცოტა ღრუბლიანსაც არა უშავს) კარგ ამინდში მოახდინეთ სამპროცენტიანი შაბიამნის ხსნარით შეწამვლა. ამაში არ იგულისხმება კირის შერევა. მჟავე რეაქციით, მხოლოდ შაბიამანი სპობს კვირტის ქვეშ დაბუდებულ სოკოს, ბაქტერიებს. ამიტომ ამ მეთოდით დამუშავება, სანამ ფოთოლი გაიშლება, ყველაზე უკეთესია.
თუ მოცემულ მომენტში შაბიამანი არ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი (არ შეგეშალოთ ბორდოს ხსნარში), შეგიძლიათ იხმაროთ სპილენძის შემცველი პრეპარატები.
ახლა მთავარია, მარტის პირველ ნახევარში, ფერმერმა, თითოეულმა თხილის პლანტაციის მფლობელმა მოახერხოს თხილის “ცისფერი წამლობის” სახელით ცნობილი მეთოდით დამუშავება. ახლა არის ყველაზე სასურველი დრო, ვიდრე კვირტი დაიხურება.
თუ მდედრობითი კვირტი დაიხურა ისე, რომ “ცისფერი წამლობა” არ ჩატარებულა, დაიხურება ხარისხიანი მოსავლის მიღების თემაც. სოკოვანი დაავადება უკვე მოექცა შიგ და მომდევნო წამლობები, რაც უნდა კარგად ჩაუტაროთ, მაგალითად, ფაროსანას საწინააღმდეგო, მოსავალს მაინც გულის სიდამპლე განუვითარდება და ამაოა მომდევნო შრომა. ამიტომ, დააჩქარეთ “ცისფერი წამლობა”, ვიდრე ხეზე ტოტზე ფოთოლი გამოჩენილა”, _ ამბობს აკაკი ღლონტი.
ინფორმაციას მომდევნო ჩასატარებელი შეწამვლითი სამუშაოების შესახებ, ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით ჩვენს მკითხველებს. ახლა აუცილებელია, სულ მცირე, 20 მარტამდე მაინც მოვასწროთ “ცისფერი წამლობა” და ვიხსნათ ჩვენი პლანტაციები ბაქტერიებისგან და სოკოვანი დაავადებებისგან.