დასმულ შეკითხვებს უპასუხა მწერალმა გიორგი კეკელიძემ გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს.
– ცნობილია, რომ მენტალურ პრობლემებს სერიოზულად ებრძოდით, ახლა როგორ გრძნობთ თავს და იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება?
– საქმე ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვცდილობ, უამრავ ადამიანს დავეხმარო და სოციალურ ქსელშიც ჩემი პათოსი უკიდურესად ოპტიმისტურია, გარკვეულწილად დღესაც ვებრძვი ამ პრობლემებს. იმიტომ, რომ ეს ამბები, რაც ზოგჯერ შეიძლება გენეტიკურად, შეიძლება რაღაც სტრესების მერეც იყოს გენერირებული, არასდროს მთავრდება…. ამაში ვგულისხმობ მსუბუქ ან სრულიად შეუმჩნეველ ფაზას, რომელიც მაინც არსებობს, მაინც გახსოვს, რომ შენი მენტალობა გარკვეულწილად მიდრეკილია აკვიატებებისკენ. მთავარი აქ ის არის, რომ კლინიკურად რთული ფაზა ჩავაცხროთ. ეს რთული ფაზა წელიწად-ნახევრის განმავლობაში გავიარე. სრულიად ჯოჯოხეთური ამბავი იყო, შეძლება უარესიც, კაცმა არ იცის, ჯოჯოხეთი როგორია. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერ ფიზიკურ ტანჯვას ნამდვილად ვამჯობინებდი, მით უმეტეს, რომ გადაჯაჭვულია ყველაფერი ერთმანეთთან.


































































