გურიაში, ოზურგეთში, ზაფხულის ცხელი დღეების ნაწილს, ბავშვები უმეტესად ეზოებში ატარებენ. ერთ-ერთი ასეთია, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, საცხოვრებელი კორპუსების საკმაოდ მოზრდილი შიდა ეზო, სადაც ნეკერჩხლებისა და კაკლის ფოთლოვანთა ქვეშ, მუდამ მხიარული შეძახილები ისმის, რასაც ხან მუსიკალური ფონიც გასდევს… თუმცა, ამჯერად „საპრანჭავების“ თემა წამოიწია წინა პლანზე და ანანო შალიკავა დადარდიანდა:
„რა ვქნა, რა, სულ მე დამაქვს საპრანჭავები ეზოში და კი შემოალიეს… აგერ, ეთო წიტაიშვილმა არ იცის კარგად გაპრანჭვა და ჩემი საპრანჭავებით მოვრთე…მეც ხომ უნდა წავისვა…“
_ჩვენს „საპრანჭავებსაც“ მოვიტანთ, _ ამშვიდებენ მას ეთო წიტაიშვილი და ლილე გეგიაძე.
პატარა სანდრო წიტაიშვილი კი უსიტყვოდ, მრავლისმთქმელი თვალებით შესცქერის პატარა დაქალების დავას.
იცის სანდრომ, რომ დიდხანს ლოდინი არ მოუწევს, გოგონები ერთმანეთს არ გაებუტებიან და მალე ისევ მასთან ერთად ითამაშებენ.