“იმედია ეს აქცია ბოლო იქნება და ჩემს შვილს გამოუშვებენ. ის უდანაშაულოა და აქედან გამომდინარე ვითხოვ მის განთავისუფლებას. პირდაპირ ვამბობ ჩემი შვილი გაიტაცეს“ – ამბობს დაკავებული 21 წლის გიორგი გოგოტიშვილის მამა ავთო გოგოტიშვილი.
ავთო გოგოტიშვილმა უკვე მეორედ მიმართა აქციაზე საზოგადოებას და მიაწოდა ინფორმაცია თუ რა მოხდა აგვისტოს თვეში ბახმაროში.
“ბახმაროში ჩემი შვილი კორონავირუსზე იღებდა ტესტს, როდესაც მას მიადგა შავი ფერის ჯიპი და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ის გაიტაცეს. დაახლეობით საათნახევარი მას ატარებდნენ მანქანით. ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ მეორე მანქანის ასვლას და შემდეგ კი მოხდა წამლის ჩადება.
ასევე მინდა გითხრათ, რომ პოლიციელებმა მისცეს ჩვენება, რომ გიორგიმ იძალადა მათზე და გალახა ოთხი პოლიციელი. შემდეგ თურმე ექვსმა პოლიციელმა შეძლო ჩემი შვილის შეკავება და დაკავება. ეს არის ტყუილი და ყველამ კარგად იცის, რომ არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება.
ეს ჯიპი, რომელიც ზემოთ აღვნიშნე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არის ბათუმიდან და სუს-ის ბალანსზეა. სწორედ ამ მანქანით მოხდა ჩემი შვილის დაკავება და შემდეგ მოხდა ადგილობრივი პოლიციელებისთვის გადაცემა“, -აღნიშნა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ავთო გოგოტიშვილმა.
ავთო გოგოტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დაიგეგმა ბათუმში.
“ივლისის თვეში ჩემი შვილი და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ ბათუმში. იქ მოხდა შეხლა-შემოხლა ახალგაზრდებთან. ამ ბიჭებიდან, რომლებმაც სცემეს ჩემი შვილი და მისი მეგობრები, რამდენიმე არის გავლენიანი მამების შვილები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქედან დაიწყო ყველაფერი“,- თქვა ავთო გოგოტიშვილმა.
აქციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
გიორგი გოგოტიშვილის სასამართლო პროცესი 15 აგვისტოს გაიმართა. მოსამართლემ თორნიკე კაპანაძემ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი გოგოტიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. საქმე აღძრულია სისხლი სამართლის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ა პუნქტი, რაც ნიშნავს ნარკოდანაშაულს და 353 მუხლის პირველი ნაწილი – წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელისადმი. საქმე გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.
[sexy_author_bio]