
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი ქართველებისგან დაიცალა. ოზურგეთელი ჟურნალისტი, ეთერ ქადეიშვილი და ორგანიზაცია “თეთრი მანდილი“ 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში ოთხჯერ იმყოფებოდა, აქედან სამჯერ სოხუმში მოახერხა ჩასვლა, მეოთხედ კი დაძაბული ვითარების გამო ვერ შეაღწია.
როგორც ჟურნალისტი ეთერ ქადეიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, მისი მიზანი საკვების და ტანსაცმლის ჩატანა იყო ომში მებრძოლებისთვის.
“მამა ნიკოლოზი (ღლონტი), მაშინ შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მონასტრის წინამძღვარი იყო, შემხვდა ქუჩაში და მითხრა, შეგვეგროვებინა ტვირთი (პროდუქტები, ტანსაცმელი და ჩაგვეტანა აფხაზეთში. შემდეგ მამა ნიკოლოზი საჩქაროდ თბილისში წავიდა და მე მისი შემოთავაზების გახორციელება გადავწყვიტე. მივედი მამა მათესთან (გორდელაძე) და ავუხსენი ყველაფერი, რის შემდეგ დავიწყეთ ტვირთის შეგროვება. ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ აქციაში, ოთხჯერ ჩავიტანეთ ტვირთი, აქედან სამჯერ სოხუმში, მეოთხედრ უკვე ვეღარ ჩავედით სოხუმში. ყველაზე მეტად ტვირთის შეგროვებაზე კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიის მრევლი აქტიურობდა, მილიციის პოლკოვნიკი გენადი გიორგაძე გვეხმარებოდა ტვირთის გადატანაში.
ჩემი თვალით ვნახე შიშველი და მშიერი ბიჭები. ასევე, ის ბიჭები, რომლებიც გამოპარულები იყვნენ სახლებიდან და ამის შესახებ მათმა მშობლებმა არ იცოდნენ. როდესაც დავიწყე ახალგაზრდების ჩაწერა, მთხოვეს, რომ მათი სახელი და გვარები არ დამეწერა.
ჩემთვის მთავარი იყო ბიჭებისთვის ერთი ლუკმა საკვები მიმეტანა. ერთ-ერთი მეომარი ჩავწერე, ძალიან განიცდიდა სოხუმში არსებულ მდგომარეობას, მეორე ჩასვლაზე გავიგე, რომ ის ბიჭი ჭაბუა ამირეჯიბის შვილი იყო, სამწუხაროდ, ის დაიღუპა.
ასევე, მინდა გავიხსენო ერთი ამბავი. სოხუმში შევხვდი ბატონ ოთარ ლითანიშვილს, თბილისის კოლორიტს და მას ვკითხე: რა განსხვავებაა ამ და იმ ომს (საუბარია 1942 წლის ომზე) შორის? მან კი მიპასუხა: ძალიან დიდი. მთავარი ისაა, რომ მაშინ მტერს ვებრძოდით, ახლა? _ ძმებს! ეს საშინელებაა, ვეღარ გაიგეს, რომ ჩვენს სამშობლოს ღრმადაა აქვს ფესვები. მყარად და მაგრად ვდგავართ. ჩვენი დამარცხება შეუძლებელია“, _ გვითხრა ეთერ ქადეიშვილმა.
ტამიშში დანახული ტრაგედია
ამონარიდი წიგნიდან “ქართველთა სულის ხსნისათვის“(ავტორი ეთერი ქადეიშვილი):
“მივყვებით გზას, სოხუმისკენ მიმავალს. ახლა ჩვენი ბიჭები აკონტროლებენ მას. გვესალმებიან, ხელით გვანიშნებენ, გაჰყევით გზას, თავისუფალიო.
ათეულობით სიცოცხლე შეეწირა ამ თავისუფლებას.
აფეთქებული ტანკები, სასწრაფო დახმარების მანქანა.
_ ორი ექიმი გოგონა იჯდა მანქანაში, წელში გაწყვეტილები ეყარნენ აქ.
არ გინდა ამის მოსმენა? თურმე, წინ გველოდება. ისეთი რამ…. მონასმენს რომ დაგავიწყებს. შეჯგუფებულ ბიჭებთან შევჩერდით. ორმოს თხრიან, სახეები აირწინაღებით დაუფარავთ.
_ რა ხდება აქ?
_ ჩვენი ბიჭების გვამები აღმოაჩინეს!
_ იცით ვინ არიან?
_ ამბობენ “ავაზას“ ბიჭები არიანო!
უაზროდ მივიწევ სამარხისკენ, რომელიც საფლავს არა ჰგავს. უფურმო სხეულები, დასახიჩრებული სახეები, გაბერილი მუცლები, შიშველ სხეულები…
როგორ ამოიცნობთ?
_ ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, საბუთები არაა. ამახინჯებს, ტანსაცმელს ხდიან, ამითაც რომ არ ვიცნოთ.
ცრემლებით სავსე აქვს თვალები “ავაზას“ შტაბის უფროსის მოადგილეს მურად ნოზაძეს.
_ 2 ივლისს, დესანტის გადმოსხმისას მოექცნენ ჩვენი ბიჭები ალყაში. ბევრი დავკარგეთ, ახლა მიწაში ჩაფლულებს ვეძებთ.
თბილისელი ექიმი ნიკალაი დოლბინი გამაცნეს. წამითაც არ გვშორდება. ჩვენს მიცვალებულებს აპატიოსნებსო.
გზის ორივე მხარესაა ასეთი სამარხები.
ვიღაცა ორმოს მაშორებს. ახლა ვხუჭავ ფართოდ გახელილ თვალებს, მაგრამ შიგ თითქოს მიცვალებულები ჩამისახლდნენ. ვიღაცამ ორმოს მომაშორა, მაგრამ შეყვირებამ ისევ იქეთ შეაბრუნა.
_ შეხედეთ, ძაღლი ჩაუკლავთ ცხედრებთან. გავქვავდი.
თავისკენ მიმიხმო გაფითრებულმა მამაკაცმა.
_ ჟურნალისტი ხართ? გამომყევით, საშინელებას იქით გაჩვენებთ!
ამაზე საშინელს?
სიფრთხილით, სათუთად იღებენ მიცვალებულებს, ზოგი ხელის შეხებისას იშლება. “ცელოფანებში“ ხვევენ და ერთმანეთს გვერდით ალაგებს.
რამდენია? ერთი… ორი… ხუთი…. ვეღარ ვითვლი.
_ შეძლებთ იქ მისვლას?
შევძელი !
რვა თუ ცხრა კაცი ერთმანეთზე მავთულით არის გადაბმული.
დაბორკილი, ხელ-ფეხ შეკრული მიცვალებულები? აქაურები, სოფლელები მოიყვანეს და ამათ დაამარხვინესო! – მეუბნება ის მამაკაცი, აქეთ რომ მომიხმო.
_ აგერ კუბო მოვიტანე, ბარემ შიგ ჩაასვენეთ!
_ რომ ვერ ამოიცანით?
_ რა ვქნა არ ვიცი. მთელი დღე ვეძებ მიცვალებულებში. მგონი ჩემი ძმისშვილია, ჩემი გაზრდილი, ნუგზარი. ვერ ვცნობ, მაგრამ ვგრძნობ, უნდა წავიყვანო, ჩემი თუ არაა, ვიღაცას შვილი ხომაა? ქრისტიანულად მაინც დავმარხავ! – წუხს მერაბ გედენიძე.
ახალგაზრდა კაცის გვამი აგდია გზაზე. ყველა ზიზღიან მზერას ავლებს.
_ მოღალატეა, გაყიდა “ავაზას“ ბიჭები. აი, აქაც, ქალის გვამი რომ გდია, ისიც მოღალატეა, მტერი თავზე დააყენა ბიჭებს.
ქალის გვარი არ მიკითხავს, კაცის ვინაობა მითხრეს, ქართველია.
აღარ დაელია საქართველოს გამყიდველები.
თუ გაუძლებთ ამაზე უარესს ნახავთ მაიმუნების ჯიშთსაშენ მეურნეობაშიო! – შეწუხებული გვეუბნება ერთი.
რამდენს გაუძლო ამ ხალხმა. თერთმეტი თვეა სიკვდილის პირას დგანან. სიცოცხლე ჩამკვდარია ტამიშში. დანგრეულია სახლები. ერთი ძაღლი ნახეს და ისიც მიცვალებულებს ჩააკლეს. ჩემთვის მეტისმეტია ეს საშინელება, მეტს ალბათ, ვეღარ გავუძლებ.“
































































