ამ მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა წინასწარ ფინალად მიიჩნია და საინტერესო იყო, რა სტრატეგიულ გეგმასა და ტაქტიკას აირჩევდნენ გუნდების მწვრთნელები და რამდენად გამართლდებოდა ბავარიელთა ოპტიმიზმი.
“ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობა ჩვეული გახლდათ, ხოლო “ბარსელონას” მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ძირითადში დისკვალიფიკაცია მოხდილი ბუსკეტსი და ვიდალი დააყენა, ხოლო გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. აშკარაა, მან ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა.
“რეკორდმაისტერი” დებიუტში ლევანდოვსკის პასით მიულერმა დააწინაურა, თუმცა სულ მალე ალბას ჩაწოდებული ბურთი ალაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. ცოტა ხანში სემედომ სუარესი ნოიერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება, ხოლო შემდეგ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული გამოვიდა.
მერე ცხრაწუთიან მონაკვეთში პერიშიჩმა, გნაბრიმ და მიულერმა დალაშქრეს “ბარსას” კარი და მატჩის ბედიც ფაქტიურად ნახევარ საათში გადაწყდა. კატალონიური გუნდის მეკარე და დაცვა შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და უმწეოდ გამოიყურებოდნენ – “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლი პირველ ტაიმში პირველად გაუშვა. მეორე ტაიმში სეტიენმა რობერტო გრიზმანით შეცვალა, სუარესმა კი ბოატენგი მოატყუა და ანგარიში შეამცირა. თითქოს “ბარსას” რაღაც მიზერული შანსი გაუჩნდა, მაგრამ დევისმა ფლანგზე სემედო გააბითურა და კიმიჰს მეხუთე გოლი გაატანინა. ბოლოს ლევანდოვსკიმაც გაიტანა, “ბარსელონადან” განათხოვრებულმა კოუტინიომ დუბლი შეასრულა და კატალონიურ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს.
ნახევარ ფინალში, მიუნხენის ,,ბაიერნი”, ,,ლიონი” – ,,მანჩესტერ სიტის” წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


































































