„ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში, რათა გაიწმინდოს გზები, რამდენიმე სოფელში დროულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და მოსახლეობას განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ გატარებულ ზომებზე“, _ ასეთი შინაარსის განცხადებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.
მისივე განცხადებით, დიდთოვლობასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერიაში საგანგებო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება, საჭიროებები და დავალებები განიხილეს.
“ჩემს წარმომადგენლებს სოფლებში მიღებული აქვთ შესაბამისი დავალებები, რათა ჰქონდეთ გადამოწმებული ინფორმაცია, თუ რა ხდება თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში. ასევე, იქონიონ აქტიური კომუნიკაცია სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან და მარტოხელა ხანდაზმულ მოქალაქეებთან.
“ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები მუშაობენ ცალკეულ უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა, რომელიც დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს“, _ აღნიშნავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გავრცელებულ განცხადებაში.