სხვადასხვა საკვები პროდუქტის ფასის შესახებ, “გურია ნიუსი” სისტემატურად წერს. ეს ხდება წელიწადის ნებისმიერ დროს, ყოველდღიურად თუ სადღესასწაულო პერიოდებში.
ყოველივე ამას აქვს თავისი სერიოზული მიზეზი: ხალხში გასულებს ყველაზე ხშირად აღნიშნულ თემაზე საუბარი გვესმის. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უპირველეს პრობლემად მიიჩნევს საკვები პროდუქტის სიძვირეს. მაღალ ფასებზე ბუზღუნი მათი ყოველდღიურობაა: “გამოვალ ბაზარში. ას ლარს დავხარჯავ და მივაპორწიალებ ერთ “სუმკას“. არადა, ჩემი აზრით, მომჭირნედ დავხარჯე ფული. აგია ცხოვრება?” _ გვეუბნება ოზურგეთელი ლიდა სემიონოვა _ჩვენი აქტიური რესპონდენტი და უამრავი ადამიანისგან ისმის იგივე. მით უფრო მაშინ, როცა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე უმეტესად სხვადასხვა ფასი აქვს პროდუქტს,
“კარგია, როცა ერთი კილოგრამი შაქარი ღირს ორი ლარი. მაგრამ სად ღირს? მეორეგან ღირს 2,40 ლარი. ანუ უნდა იარო, ეძებო და ამასობაში გეკარგება ნახევარი დღე. ასეა ყველა სახის პროდუქტზე. გარდა ამისა, ესეც ძვირია. ახლა რომ ფასების დაკლებაზე დაიწყეს საუბარი, აქამდეც არავინ უშლიდათ ხელს. თუმცა, მაინც მადლობელი ვიქნებით, ამ წელში მაინც თუ დაეტყობა საქმეს და ნამდვილად დაიკლებს. ეგაა, რომ არც ეს გვჯერა…” _ ასეთი პასუხი გაგვცეს კითხვაზე, თუ რას ფიქრობდნენ სამთავრობო ინიციატივაზე ფასების დაკლებასთან დაკავშირებით, ოზურგეთელმა მომხმარებლებმა: ლეილა კვირკველიამ, მურთაზ ბარამიძემ, ციცო დოლიძემ, მერაბ თავბერიძემ, ფოთოლა მახარაძემ, ეკა პატარავამ და სხვებმა. ეს ადამიანთა ის მცირე ჯგუფია, რომლებიც ხშირად დადიან ბაზარში და მარკეტებში ოჯახისთვის პროდუქტის შესაძენად.
“გურია ნიუსი” ეწვია ოზურგეთში მოქმედ უამრავ მარკეტს, სადაც მხოლოდ საკვები პროდუქტები იყიდება. ასევე, ვეწვიეთ მსხვილი სავაჭრო ქსელების ობიექტებს. ყველგან, მსხვილი ქსელების ფილიალებში პროდუქტზე ფასი მაღალია, ვიდრე სხვადასხვა მცირე სავაჭრო მარკეტში. 200-გრამიანი მაიონეზი “კალვე” ერთ მარკეტში ღირდა 1,80 ლარი. მეორეგან _ 2 ლარი. კიდევ ერთ მარკეტში 2,40 ლარი. ხოლო მსხვილ სავაჭრო ქსელში 2,50 ლარი. ერთი და იმავე რაოდენობის, ხარისხის, დასახელების ზეთი “რუსსკოე მასლო” 5 ლარი ღირს ერთ მარკეტში, მეორეგან 5,80 ლარი. ერთი კილოგრამი წიწიბურა ღირს ორი ლარი პატარა მარკეტში, ქსელებში _ 2,80 ლარი. ზოგან სამი ლარიც ღირს ერთი კილოგრამი. კითხვებზე, თუ რატომ არის ამხელა განსხვავება ფასებს შორის, სახელდება ხარისხი (რაც, დიდი ალბათობით, მხოლოდ საბაბია).
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გამოვკითხეთ უამრავი ოპერატორი თუ მარკეტის მფლობელი.
ჩვენდა გასაკვირად, გვარ-სახელის გამჟღავნებაზე ყველა უარს ამბობს და თან განმარტავენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ არაფერი ეშველება ამ საქმეს და თუკი შედეგი იქნება, ყველა ერთნაირად გავიხარებთო:
“რად გინდათ ჩემი სახელი და გვარი? ერთს გეტყვით მხოლოდ. აი, ადექით და მიდით რომელიმე ქსელურ სუპერმარკეტში. ივაჭრეთ 200 ლარის საკვები პროდუქტი, შემდეგ შეიძინეთ იგივე ჩემთან და თუ 15-20 ლარით ნაკლები არ დახარჯავთ, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას… ჰო, კი იცინით, მაგრამ ცოტას მეც ვხუმრობ და თუ თქვენ ამ აქტივობით შედეგს მიაღწევთ, მთავრობა ფასებს დააკლებინებს ვინმეს და ეს სისტემურ ხასიათს მიიღებს, მადლობას გეტყვით“, _ გვითხრა ოზურგეთის ბაზარში, ერთ-ერთი მარკეტის მეპატრონემ.
პურის ფასს რაც შეეხება, ის უპირველესი პროდუქტია და ხალხი ყველაზე მეტად მაშინ გაბრაზდა, როცა პროდუქტის ფასის დაკლებაზე საუბარი დაიწყო ქვეყნის ხელისუფლებამ, პარალელურად კი პური გაძვირდა.
ოზურგეთში ყველაზე გვიან შპს “ვასაძის პური” შეუერთდა პურის გაძვირების პროცესს.
ჩვენ ვეწვიეთ აღნიშნულ საწარმოს. კითხვაზე, როდის და რატომ გაძვირდა აქ პური, როცა სხვაგან ეს ერთი თვით და უფრო მეტი დროითაც ადრე მოხდა, ასე გვიპასუხეს:
“ვიდრე ძველი მარაგი გვქონდა, არ გაგვიძვირებია პროდუქტი და ვყიდდით ძველ ფასში. ნედლეულის ფასის მატების შემდეგ კი იძულებული გავხდით, მინიმალურად მაინც მოგვემატებინა“, _ გვითხრა მენეჯერმა.
ახლა აქ ცნობილი ქვის პურის სახეობები, შესაბამისად ღირს: 450-გრამიანი _ 1,10 ლარი; 380-გრამიანი _ 95 თეთრი; შეფუთული ქვის პური, 380-გრამიანი ღირს ერთი ლარი; რუხი აგურის ფორმის, 480-გრამიანი ღირს 1,10 ლარი; შეფუთული რუხი აგურის ფორმის პური 480-გრამიანი ღირს 1,10 ლარი…
იგივე მდგომარეობაა ან ცოტა მეტია პურზე მომატებული ფასი სხვა ობიექტებში. აქ ერთია მხოლოდ მომხმარებელთა აზრი _ არ სჯერათ, თუ პროდუქტზე ფასის დაკლებას ექნება მუდმივი სახე. გამოთქვამენ იმედსაც, რომ თუ ასე იქნება, მიესალმებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი ამ დროს ამბობს, რომ ფასნამატის მიზეზები სიღრმისეულად არის გამოსაკვლევი და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა.
პრემიერის ასევე განაცხადი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული განცხადება შესაძლოა უკვე გახდა პროდუქტზე ფასების დაკლების მიზეზი, ნაადრევია:
“სად ხედავთ ფასების დაკლებას? საბითუმო შეღავათები იყო და არის. ახლა ის შეღავათია? დიდ სავაჭრო ქსელში 800-გრამიანი ტომატ–პასტა ღირს 7,50 ლარი, აქციით როცა ყიდიან აწერია, მაშინ 5 ლარი! აგერ, ნებისმიერ მარკეტში იგივე ზუსტად მუდამ ღირს 5 ლარი! მარგარინი “ონა“, 250-გრამიანი, ქსელურ მაღაზიებში ღირს 2 ლარი. ზუსტად იგივე, ჩვეულებრივ, პატარა მარკეტებში ღირს 1,80 ლარი. არაფერი არ გამოასწორებს ამ ამბავს, თორემ მივესალმები. მეტი გასაჭირი ჩვენ, ხალხს, რა გვაქვს? ახლა რასაც ვშოულობ, საჭმელში მიდის. სხვა რამეც ხომ გვინდა? კომუნისტები ვლანძღეთ და იმ დროს ხელფასით ხალხი სახლებს იშენებდა, ავეჯი ჩამოჰქონდა მოსკოვიდან. ძაან რომ ვლანძღავთ ახლა, იმ მოსკოვიდან. ჰოდა, ახლანდელი ხელფასი კუჭს მარტო ძლივს ყოფნის, უკაცრავად და…” _ გვეუბნება ოზურგეთელი გულნარა ბერიშვილი, თან გვირჩევს, თუ ეს ტყუილია, ჩემი ასაკის ხალხს ჰკითხეთო.
“გუშინ მოვისმინეთ, “კოდას” გენერალური დირექტორი ამბობდა, რა კარტელურ გარიგებებზე საუბრობს პრემიერი, გაუგებარია და ძალიანაც კარგი იქნება, ფასები თუ დაიწევს, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში, ეს შეუძლებელიაო… ა, ბატონო, მსხვილი ბიზნესის პასუხი. ახლა, არც ჩვენი ქათმები დებენ კვერცხს, ზამთარში განსაკუთრებით და ვიქნებით უკვერცხოდ ან მომჭირნედ ვიყიდით“, _ გვეუბნებიან ბახვა ქადეიშვილი და ვაჟიკო ქავთარაძე.
ავტორი































































