ექვს თვეზე მეტია, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. ამ ხნის განმავლობაში, ბათუმში არაერთი ადამიანი დასწრებია საქმის განხილვას, მათ შორის ელჩები, საერთაშორისო მედია ორგანიზაციების წევრები, ქართველი სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები.
ნანა ბაგალიშვილი წნორის “ცოდნის კაფეს” თანადამფუძნებელია. ის მზიას მხარდასაჭერად წნორიდან ჩამოვიდა.
ნანა ბაგალიშვილი: – ქვეყნის უკიდურესი აღმოსავლეთიდან უკიდურეს დასავლეთში ჩამოვედი, რომ მხარი დამეჭირა მზია ამაღლობელისთვის. წლებია, ვუყურებ „ბათუმელები“ რა შეუფასებელ საქმეს აკეთებენ და ყველა რიგითი მოქალაქის ვალდებულებაა, რომ ამ ქვეყანაში კარგი საქმის მკეთებელს გვერდში დავუდგეთ. მზიას თუ აქცევენ ტყვედ, მაშინ ჩვენ, სხვა მოქალაქეებს საერთოდ რის იმედი შეიძლება გვქონდეს?! აქ ჩამოსვლით მინდა წვრილფეხა და მსხვილფეხა “ქოცებმა” დაინახონ, რომ ჩვენი სოლიდარობა გატეხს ამ რეჟიმს. ჩემთვის ეს სილის გაწვნა არ იყო დგებუაძისთვის მარტო სილის გაწვნა ,ნამდვილად რეჟიმის მიმართ იყო ეს ბრაზი და პროტესტი.
































































