სამხედრო წესით დაკრძალვას თავისი წესები აქვს. რელიგიური პროცესია 40 წუთი გრძელდება ხოლმე. მერე სამხედროები შემოდიან, სასახლეზე დაფენილ დროშებს კეცავენ და გარდაცვლილი მეომრის ოჯახის წევრს, ნათესავს ან მეგობარს გადასცემენ…
ზუსტად ერთი თვის წინ, როცა კიევიდან სამშობლოსკენ ერთდროულად 2 ვაჟკაცი გამოვაცილეთ, გაირკვა რომ იქ მყოფთაგან ყველაზე ახლობელი აჩიკო იყო და დროშებიც მას უნდა ჩაბარებოდა.
ინფორმაციისთვის, უკრაინაში გუშინ კიდევ ერთი ქართველი, 35 წლის აჩიკო გიგოლაშვილი დაიღუპა.
აჩიკო გიგოლაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა.
თავდასხმის შედეგად დაჭრილია ქართველი და უკრაინელი მებრძოლები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი უკრაინული ბატალიონის 28 ბრიგადის ერთ-ერთი დანაყოფის „შავი არწივის“ მეთაური იყო, რომელიც მესამე წელია ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ბატალიონს.
„იმყოფებოდნენ ოპერაციაზე. ბახმუტის მიმართულებით პატარა დასახლება ჰქონდათ ასაღები. დაბომბვაში მოჰყვნენ. ერთი ქართველი დაიღუპა. ბიჭები დაჭრილებიც არიან, თუმცა ყველა კარგადაა და მკურნალობენ. ცხედარი ცხელი წერტილიდან გამოყვანილია. სერიოზული დანაკლისია, დიდი ხნის მებრძოლი იყო“, – აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი.