სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ პოსტი დატოვა. დავით ფარცვანია ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს:
“გაიარა ჩემი ცხოვრების ყველაზე პროდუქტიულმა, საინტერესო და სასიამოვნო 8 თვემ. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რა გაკეთდა და როგორ, ამ 8 თვის განმავლობაში. ეს ხალხმა უნდა შეფასოს. მაგრამ, ჩემის მხრივ ვიტყვი, რომ როგორც ზუგდიდელისთვის – ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მემსახურა ჩემი რეგიონისთვის, ჩემი წილი აგური დამედო მისი განვითარებისთვის და წინსვლისთვის.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო ის ხალხია, რომელიც თავისი ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომით ცდილობენ საკუთარი რეგიონის მომავალი უკეთესი გახადონ! განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები – გულანთებულები და მოწადინებულები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მომავალი იყოს უფრო კარგი და ნათელი!
მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები; გპირდებით, მე ყოველთვის თქვენ გულშემატკივრად და მეგობრად ვრჩები!
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მეგობრობისთვის, ნდობისა და ერთგულებისთვის და მომავალ შეხვედრამდე!
P.S ცხოვრება მოძრაობაა! “,_ წერს ფარცვანია.
გავრცელებული ინფორმაციით, ფარცვანია საქმიანობას განათლების სამინისტროში გააგრძელებს. რაც შეეხება მის ყოფილ თანამდებობას, პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.