ჩინეთმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ინფორმაცია აკადემიის პრეზიდენტმა ალექსანდრ სერგეევმა გაავრცელა.
მისი თქმით, ჩინელმა პარტნიორებმა შეაჩერეს კონტაქტები რუს მეცნიერებთან ერთობლივ პროექტებზე.
ალექსანდრ სერგეევმა აღნიშნა, რომ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას უჭირს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის დამყარება იმ ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე, რომელიც ძირითადად დასავლეთში ჩამოყალიბდა მოსკოვთან ნებისმიერი კონტაქტის მიმართ . თუმცა, ჩინეთის სამეცნიერო საზოგადოებამაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება
„სამხრეთ თუ აღმოსავლეთის მიმართულებაზე თუ ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ჩინელი მეცნიერი კოლეგებიც „პაუზის ღილაკს დააჭირეს“. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათთან ვითარების სერიოზული განხილვა ვერ მოვახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც გვქონდა კარგად ჩამოყალიბებული თანამშრომლობა რეგულარული კომუნიკაციით“, – აღნიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა.
მეცნიერმა, ასევე დასძინა, რომ ინდოეთი რჩება რუსული მეცნიერების საიმედო პარტნიორად , რომელთანაც კონტაქტები არათუ არ შეწყვეტილა, არამედ გაძლიერდება. მომავალ კვირას დაგეგმილია შეხვედრა ინდოეთის საელჩოს სამეცნიერო ატაშესთან.